მთავარიაზიაავღანეთიავღანეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლი ოფიციალურად შეწყდა

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლი ოფიციალურად შეწყდა

უკვე ამოქმედდა კატარისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული ზავი, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. ეს თავად ავღანეთის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.

„ცეცხლი შეწყდა! ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურდა ომი არცერთ ქვეყანასთან, არ გვინდა ეს. მაგრამ თუ ვინმე არ შეასრულებს და დაარღვევს პირობებს, მაშინ ჩვენც არ გავჩუმდებით და მკაცრად ვუპასუხებთ აგრესორებს!“- ამბობს მაულვი მუჰამად იაქუბი, ავღანეთის თავდაცვის მინისტრი.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა შეთანხმების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა. მისი თქმით,  „ავღანეთის ტერიტორიაზე, საზღვრისპირას, ტერორიზმი დაუყოვნებლივ შეწყდება“.

ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა მადლობა გადაუხადეს კატარსა და თურქეთს შუამავლობისთვის.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ხავაჯა ასიფი და ავღანეთის თავდაცვის მინისტრი მაულვი მუჰამად იაქუბი ერთმანეთს ხელს ართმევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, დოჰა, კატარი, 19 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright Qatar Ministry of Foreign Affairs via AP

ავღანელი მიგრანტებისთვის დროებით გაიხსნა პაკისტანსა და ავღანეთს შორის არსებული საკვანძო სასაზღვრო გამშვები პუნქტი,  რათა მათ თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ამ შეტაკებებს ბოლო დღეებში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

„ომის გამო ბოლო სამი დღეა, აქ ვართ ჩარჩენილი, ახლა კი კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ჩვენ  კმაყოფილი ვართ ავღანეთისა და პაკისტანის მთავრობების გადაწყვეტილებით. ამ სამშვიდობო შეთანხმებამდე ლტოლვილები იტანჯებოდნენ. მაგრამ ახლა  ბედნიერები  ჩვენს ქვეყანაში ვბრუნდებით“, – ამბობს შაფიულა ხანი, ავღანელი ლტოლვილი.

„მე ბიზნესმენი ვარ და საზღვრის გადაღმა ვმუშაობ. ომის გამო რთულ პერიოდს გავდივართ. ხალხი შეშინებული იყო, ისინი უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ თავს. ახლა ორივე მთავრობას ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე გახსნან საზღვარი ვაჭრობისთვის“, – ამბობს ჰაზარატ ბილალ უმაიდი, მოვაჭრე.

შეტაკებების გამო მოსახლეობა იძულებული იყო, სახლები დაეტოვებინა. ათასობით მოქალაქე ავტომობილებით იყო ჩარჩენილი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან. მეზობელ ქვეყნებს შორის შეტაკებები 2025 წლის 11 ოქტომბერს გამწვავდა. ორივე მხარე აცხადებდა, რომ ისინი  აგრესიას პასუხობდნენ და თავს იცავდნენ.

პაკისტანსა და ავღანეთს 2 600 კილომეტრი სიგრძის საზღვარი აკავშირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend