ქალთა უფლებების საკითხებში ავღანეთის ყოფილი მინისტრი სიმა სამარი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ევროკავშირის დამოკიდებულებით „თალიბებისადმი“, რომლებმაც 5 წლის წინ კვლავ ძალადობრივად ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და „ადამიანის უფლებების სფეროში კატასტროფული მდგომარეობა გამოიწვიეს“.
Euronews-სთან საუბრისას, ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეშფოთებული იყო, როდესაც ივნისის ბოლოს შეიტყო ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტის შესახებ, სადაც ევროგაერთიანების მაღალჩინოსნებთან შედგა კომუნიკაცია მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
სიმა სამარის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც „თალიბანი“ ხელისუფლებაში დაბრუნდა და პოზიციები განიმტკიცა, ავღანეთში ყოველდღიურობა მკვეთრად გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა გოგონათა და ქალთა მდგომარეობა - მათ წინააღმდეგ გამოიცა 160-ზე მეტი სხვადასხვა სახის ბრძანება, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მათ ისედაც შეზღუდულ უფლებებს.
მაგალითისთვის, გოგონებმა დაკარგეს განათლების მიღების შესაძლებლობა მეექვსე კლასის შემდეგ, ქალებს კი აღარ შეუძლიათ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში, მათ ასევე აღარ აქვთ კონკრეტული მიმართულებებით მუშაობის დაწყების საშუალება. მეტიც - ქალებს არ აქვთ ხმამაღლა ტირილის უფლებაც კი.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში Human Rights Watch მიაჩნიათ, რომ ეს ზომები გენდერული ნიშნით, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ტოლფასია.
მიმდინარე წლის მაისში ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისადმი მსგავსი არაადამიანური შეზღუდვები. ევროდეპუტატებმა ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, შეინარჩუნონ „თალიბანის“ არაღიარების პოლიტიკა და ასევე ღიად გააკრიტიკეს ბრიუსელის გადაწყვეტილება, ორგანიზაციის წარმომადგენლების ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მიწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენი პოზიციაა, რომ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული ავღანეთში ადამიანის უფლებების სისტემატური და ფართომასშტაბიანი დარღვევებითა და ხელყოფით, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მიმართ. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ავღანელის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და შეასრულოს ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებები.
რაც შეეხება „თალიბანთან“ დაკავშირებით ჩვენს ზოგად პოზიციას, ჩვენ გვაქვს პრინციპებზე დაფუძნებული ჩართულობის პოლიტიკა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირს მიანიჭეს მანდატი, შეენარჩუნებინა ოპერაციული ურთიერთობა ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ეს გადაწყვეტილება 2021 წლის სექტემბერში იქნა მიღებული და ეფუძნება ხუთ კრიტერიუმს, რომლებიც იმავე საბჭოს დასკვნებშია განსაზღვრული.
თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ არ ვაღიარებთ და არ ვაკანონებთ ამ ხელისუფლებას. ჩვენ „თალიბანთან“ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებსა და ინტერესებს წარმოადგენს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.
ევროკომისიის ამ პოზიციის მიუხედავად, სიმა სამარი თვლის, რომ თან „თალიბების“ ქმედებების დაგმობა და თან მათ დელეგაციასთან შეხვედრების გამართვა, „ორმაგი სტანდარტია“.
ავღანეთის დეფაქტო „სახელისუფლებო დელეგაცია“ ბრიუსელში 23 ივნისს ჩავიდა, სადაც ევროკავშირთან გაიმართა პირისპირი დიალოგი ბლოკის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებას მოჰყვა კრიტიკა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა მტკიცებითაც, თალიბებთან რაიმე კავშირის დამყარება შეიცავს საფრთხეს, ძირი გამოეთხაროს ადამიანის უფლებების დაცვისადმი ევროკავშირის ურყევ პოლიტიკას.
„თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში, ძალადობრივი გზით დაბრუნდა. ამით დასრულდა ქაბულში შეერთებული შტატების სპეციალური სამხედრო მისიაც.
თალიბების მთავრობას ლეგიტიმურად მხოლოდ მოსკოვი აღიარებს.
