ევროპა იძულებულია, თალიბებთან მოლაპარაკებებზე წავიდეს, ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმის გამო, რომელიც მოიცავს ავღანეთის იმ მოქალაქეთა სამშობლოში გაძევებას, ვისაც არ აქვს ევრობლოკში ყოფნის იურიდიული უფლება და წარმოადგენს საფრთხეს გაერთიანების ინტერესებისთვის.
მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირის ხელმძღვანელობამ შესახვედრად ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა ავღანეთის დროებით ხელისუფლებას, რის გამოც ბრიუსელს არაერთი განმარტების გაკეთება მოუწია.
ვიდრე ამ ნაბიჯის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებისგან დაშორებას გულისხმობს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლებთან საუბარი მიუღებელია, ევრობლოკის განმარტებით, მათ პოლიტიკასა და მიდგომებში არაფერი არ იცვლება და ეს ნაბიჯი საერთოდ არ გულისხმობს „თალიბანის“ ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებას.
მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის თქმით, თუ ბრიუსელის მიზანია, გააუმჯობესოს ვითარება, შეუძლებელია, მათთან საუბარზე უარის თქმა.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ევროკავშირს „თალიბანის“ ორგანიზაცია ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული და პოტენციურ შეხვედრაზე დელეგაციის წარმომადგენლებისთვის ბელგიას არც ვიზები გაუცია.
2021 წელს „თალიბების“ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნების შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქაბულში თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობები დახურეს, ხოლო ავღანეთში რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებამ ახალი მასშტაბები შეიძინა, რაც, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათელვაში აისახა.
„თალიბანის“ ძირითად სამიზნეებად იქცნენ გოგონები, ქალები და ბავშვები, რომლებსაც, ფაქტობრივად, ყველანაირი საბაზისო უფლება შეუზღუდეს და აუკრძალეს ლოცვა სხვა ქალების თანდასწრებითაც კი. ბოლო პერიოდში, ავღანეთის დროებითმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ბავშვთა ქორწინებებსაც კი.
ამ ფონზე უფლებადამცველები ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირიდან მიგრანტების ავღანეთში დაბრუნების სამართლიანობის საკითხს. მათი თქმით, ერთი მხრივ, გასაგებია ევროპის სახელმწიფოთა უსაფრთხოების ინტერესები, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ამბობენ, გასათვალისწინებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცულობის საკითხიც.
საპასუხოდ, მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი ამბობს, რომ „თალიბანთან“ დიალოგი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნა და მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გამოსასწორებლად არამხოლოდ ევროპისა და ევროპელებისთვის, არამედ თავად თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტებისთვისაც.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული ქვეყნები სულ უფრო მტკიცედ უდგებიან მიგრაციის საკითხს, რისი მიზეზიც არის კონტინენტის მასშტაბით ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერის ზრდა.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან თითქმის 20-მა ოფიციალურად გამოთქვა ინტერესი ავღანეთში დააბრუნოს ზოგიერთი მიგრანტი, რომლებსაც არ აქვთ ევროპაში დარჩენის უფლება, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულნი.
ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები. მაგალითად, 2024 წლიდან გერმანიამ ქვეყნიდან 100-ზე მეტი ნასამართლევი ავღანელი გააძევა.
