მთავარიაზიაავღანეთი„თალიბანი“ პაკისტანს ქაბულზე დრონებით თავდასხმაში ადანაშაულებს

„თალიბანი“ პაკისტანს ქაბულზე დრონებით თავდასხმაში ადანაშაულებს

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ პაკისტანმა წინა დღეს ქაბულზე ორი დრონით მიიტანა იერიში. თავდასხმა მოჰყვა რამდენიმედღიან ბრძოლებს,  რომელსაც ორივე მხრიდან ათეულობით პირი ემსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა.

მალევე მეზობელ ქვეყნებს შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,  რომელიც დადებითად შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. ეს ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ყველაზე ძალადობრივი და სისხლიანი დაპირისპირება იყო.

„გუშინ, დაახლოებით საღამოს 4 საათზე, აფეთქების ხმა გაისმა. როდესაც ჩვენი პოლიცია ადგილზე მივიდა,  გაირკვა, რომ აფეთქება ამ სახლში მოხდა. იმ დროს ზუსტი დეტალები არ იყო ცნობილი. გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო საჰაერო დარტყმა, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. იქვე ახლოს არის სკოლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგი შიგნით იმყოფებოდა, ზოგი კი – გარეთ. მეორე ადგილი, სადაც იერიში მიიტანეს, იყო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია,   საწვავის ავზის მახლობლად. პირველადი ინფორმაციით,  ავზს ცეცხლი გაუჩნდა, შესაბამისად, იყო იმის საფრთხე, რომ აფეთქებულიყო, თუმცა, პოლიციის გამოძიების დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ ესეც საჰაერო დარტყმა იყო“, – აცხადებს „თალიბანის“ პოლიციის წარმომადგენელი, ხალიდ ზადრანი.

ზადრანს დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა საავადმყოფოს ექიმებმა მანამდე განაცხადეს, რომ ხუთი ადამიანია გარდაცვლილი,  ათობით კი დაშავებული.

აბდულ რაჰიმი, რომლის სახლიც დრონის დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა, ამბობს, რომ ხალხმა პაკისტანური დრონები დაინახა.

„აფეთქება აქ მოხდა. მე 4 საათზე მივედი. როგორც ამბობენ, ეს დრონით იერიში იყო. ხალხმა პაკისტანური დრონები დაინახა. ეს არის სასტიკი და ომის მსგავსი ქმედება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს ანადგურებს“. – განაცხადა დანგრეული სახლის მეპატრონემ, აბდულ რაჰიმმა.

ქაბულის ბრალდებებზე ისლამაბადში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე გაურკვეველია, რა გავლენა ექნება ამას  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც არ ჰქონიათ უფლებამოსილება, მიმდინარე ოპერაციებზე ესაუბრათ, ანონიმურობის პირობით „ესოშიეითედ პრესს“  განუცხადეს, რომ ოთხშაბათს პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა მებრძოლების პოზიციები დაბომბეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend