ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის ფედერაციას დასავლეთთან ღია დაპირისპირების მიზნით არ გააჩნია სათანადო სამხედრო და მატერიალური რესურსები, შესაბამისად კრემლმა არჩია, მის მიერ გამოცხადებული ომი აწარმოოს ე.წ. „რუხ ზონაში“.
რუსეთის სპეციალური სამსახურების სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი საბჭოთა რუსული და შემდგომი პერიოდის სტრუქტურისაგან. საბჭოთა პერიოდში არსებითად მხოლოდ ორი სტრუქტურა იყო: სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, იგივე და მთავარი სადაზვერვო სამმართველო, იგივე. საბჭოთა კავშირის შემდეგ დღის წესრიგში სპეცსამსახურების ძალების რეორგანიზაციის საჭიროება დადგა, მაგრამ მხოლოდ პუტინის, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცრის, მმართველობის დროს შეიცვალა სტრუქტურა და მას დასავლურ კვლევით ორგანიზაციებში პუტინის „ჰიდრას“ უწოდებენ.
ახლა რუსეთში სადაზვერვო აგენტურულ თუ სხვა სპეციალურ ოპერაციებში არაერთი სტრუქტურაა ჩართული. ეს მათ კონტროლსა და შიდაკონკურენციის გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ახლა ძირითადად ოთხი სააგენტოა წამყვანი. ესენია:
-
უსაფრთხოების ფედერალური სამსახური;
-
საგარეო დაზვერვის სამსახური;
-
დაზვერვის მთავარი დირექტორატი;
-
ფედერალური დაცვის სამსახური.
თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროც და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტიც. ამ უწყებებთან პუტინს როგორც პირდაპირი, ისე არაფორმალური კავშირები აქვს. სწორედ ეს დეცენტრალიზებული სისტემა პრეზიდენტს უფრო მეტად უიოლებს რუსეთის სპეციალური სამსახურების მართვას. მრავალსახოვანი ჰიდრა, როგორც დასავლურ კვლევით ორგანიზაციებში უწოდებენ, აქტიურადაა ჩაბმული როგორც შიდა, ისე გარე ჰიბრიდულ ღონისძიებებში.
რაში გამოიხატება ეს მოქმედება. ესაა როგორც ფსიქოლოგიური, ისე საინფორმაციო და სხვა სპეციალური ოპერაციები. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი გულისხმობს სამხედრო და არასამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას და ის მიმდინარეობს „კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ“. ერთი მხრივ, მისი შემოქმედი თავიდან იცილებს მძაფრ საერთაშორისო რეაქციას, ადუნებს მოწინააღმდეგის ყურადღებას, ხოლო, მეორე მხრივ, ის შლის ზღვარს მშვიდობასა და ომს შორის და „გასროლის გარეშე“ იმორჩილებს სამიზნეში ამოღებულ ობიექტს. აქტიურად გამოიყენება რუსული პროპაგანდის მეთოდებიც.
ერთ-ერთი უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ რუსულ პროპაგანდას შვიდი ძირითადი სტრატეგია აქვს. ესენია: მტრის ხატის შექმნა, იერიშის მიტანა კრიტიკულ აზროვნებაზე, მუდმივი ხაზგასმა, რომ საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია კონკრეტული საფრთხის დროს, შიდა პრობლემების გარე ფაქტორებთან დაკავშირება, რუსეთის იმიჯის გაძლიერება, საზოგადოების მომზადება ომისთვის და პუტინის, როგორც უნივერსალური ლიდერის წარმოჩენა. ბოლო ორი მეთოდი ძირითადად შიდა აუდიტორიისთვის გამოიყენება.
ექსპერტები საუბრობენ რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში განსაკუთრებით აქტიურია ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურება.
რაც შეეხება ამიერკავკასიას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსული ბაზების არსებობა და სიუხვე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უამრავი რუსული სამხედრო ბაზაა. აფხაზეთში გვაქვს გუდაუთის მთავარი ბაზა და ეფ-ეს-ბეს მიერ დაქვემდებარებული დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ არსებული ბაზები. უფრო მეტი რუსული ობიექტია შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონში. მთავარი ბაზა აქ ცხინვალთან მდებარეობს. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსული სამხედრო ბაზები, რომელთაგან ერთ-ერთია ამიერკავკასიაში, სომხეთში არსებული გიუმრის ბაზა, აქტიურად გამოიყენება კრემლის მიერ სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ მოქმედებებში.
უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთის მოქალაქეები გადმოდიან სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უძრავ ქონებასაც იძენენ. ეს შემთხვევები უსაფრთხოების რისკებს ზრდის. სწორედ ამიტომ ფინეთმა რამდენიმე თვის წინ აკრძალა უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე.
კრემლის ჰიბრიდულ მოქმედებებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმა ნიკოლოზ ქავთარაძემ ისაუბრა.
