კატეგორიები

სარაევოს სამოქალაქო ომის „თავისუფალი დროის სნაიპერები“

სარაევოს სამოქალაქო ომის „თავისუფალი დროის სნაიპერები“
ე.წ. „თავისუფალი დროის სნაიპერების“ ნაკლებად ცნობილ, თუმცა შემზარავ ისტორიას ახლა ოთხი ევროპული პროკურატურა იძიებს.

მათი სამიზნეა იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც 90-იან წლებში, სარაევოს სამოქალაქო ომის დროს უზრუნველყოფდნენ ფინანსურად შეძლებული, ნადირობითა და შეიარაღებით გატაცებული, ან ულტრამემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიის მქონე პირების ჩამოყვანასა და მათ სნაიპერებად გადაქცევას შემაშფოთებელ „გასართობ ტურებში“ მონაწილეობის მისაღებად, რა დროსაც ისინი სიმაღლეებიდან ესროდნენ სარაევოს მშვიდობიან მოსახლეობას, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხას უხდიდნენ.

ამ დანაშაულებრივი ქსელის სამი პირის საქმეს იტალიაში იძიებენ, კიდევ ორის - ავსტრიაში. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია ბელგიასა და თავად ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მათ რიგებს, შესაძლოა, მალე შვეიცარიაც დაემატოს, ხოლო ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.

ცალკეულ პირთა გართობადქცეული სასტიკი საქმიანობის ისტორიასა და სცენებს ეციო გავაცენი თავის საგამოძიებო წიგნში აღწერს, რომელიც ახლა 9 ენაზე ითარგმნება.

ავტორი მკითხველს დეტალურ რეკონსტრუქციას სთავაზობს იმისა, რა ხდებოდა ყოფილი იგუსლავიის სახელმწიფოში 1992-1996 წლებში. მისი მონათხრობით, იტალია ე.წ. „ტურისტი სნაიპერებისთვის“ ერთგვარ საკვანძო პუნქტად იქცა, რომლებიც იქ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე კანადიდან და აშშ-დან ჩადიოდნენ, მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარის მეშვეობით იღებდნენ კოდურ შეტყობინებას შემდეგი ფრაზით: „მშვილდოსნებს ნადავლი გამოუჩნდათ“ - რაც ნიშნავდა, რომ სარაევოში ჩასვლა შესაძლებელი იყო.

საგამოძიებო წიგნის ავტორის თქმით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე, მილანში არსებული ერთ-ერთი სააგენტოს მიღმა იდგა ბალკანური ან რუსული მაფია, მთავარი ოფისი კი, რომელიც სარაევოში ჩასვლაზე ნებართვას გასცემდა, ბელგიაში იყო ბაზირებული.

გავაცენის სიტყვებით, უკვე ადგილზე მოქმედებდნენ რეკრუტერები, ძირითადად, ყოფილი სამხედროები, რომლებიც პოტენციურ სნაიპერებს იაფიან სასტუმროებში ან სასადილოებში ხვდებოდნენ, ეჭვების გაქარწყლების მიზნით.

ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის მეორე ნაწილი სერბეთში იყო განლაგებული, რომელიც უკვე შეთანხმებულ კლიენტებს იღებდა და უზრუნველყოფდა მათ გადაყვანას საბრძოლო მოქმედებების ადგილას, ასევე აწვდიდა დიდი რაოდენობით შეიარაღებას.

წიგნის ავტორის მონათხრობის მიხედვით, ბოსნიისკენ მიმავალ გზაზე დაქირავებული პირები იძახდნენ, რომ „საზღვარგარეთ მიდიდოდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სასროლად“, თავს „მშვილდოსნებს“ უწოდებდნენ, თავიანთ მსხვერპლებს კი „ირმებს“.

კლიენტი-სნაიპერები ესროდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც საკვებისა და წყლის საძებნელად სარაევოს ქუჩებში დადიოდნენ და არც იცოდნენ, რომ უნებურად, ცალკეულ პირთა გასართობად, ცოცხალი სამიზნეები იყვნენ.

წიგნში თავმოყრილი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ყველაზე „ფასეულ“ სამიზნეებად ბავშვები და ლამაზი ახალგაზრდა გოგონები ითვლებოდნენ. მათი მოკვლისთვის კლიენტები, დღევანდელი კურსით, დაახლოებით 100 000-ზე მეტ ევროს ოდენობის თანხას იღებდნენ.

საგამოძიებო წიგნის ავტორის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი ქმედბეების მოტივი არ ყოფილა გამოწვეული არც შოვინიზმით, არც რელიგიური ან ეთნიკური შუღლით, არამედ უბრალოდ წარმოადგენდა გართობის საშუალებას მდიდარი ადამიანებისთვის.

ეციო გავაცენი აღწერს, რომ სნაიპერებს შორის ყველა, საზოგადოებრივ სისტემაში კარგად ინტეგრირებული მამაკაცი იყო, რომელსაც ჰქონდა რეპუტაცია, პატივისცემა და, წიგნის ავტორის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე სასროლად გამგზავრებით, თითქოს ისინი ამტკიცებდნენ, რომ როგორც მდიდარ და წარმატებულ ადამიანებს, შეუძლიათ ვინმეს მოკვლის შემდეგ შინ დაბრუნება, რაზეც პასუხს ვერავინ აგებინებს.

დაკავშირებული ამბები
სარაევოს სამოქალაქო ომის „თავისუფალი დროის სნაიპერები“ კლიმატის ცვლილების გამო ბოსნიის მთის კურორტები ზაფხულის ტურიზმზე გადადიან