ევროპაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება არალეგალური თამბაქოს პროდუქციის ბაზარი და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსური დანაკარგებიც - ამ სექტორიდან ბლოკმა შემოსავლის სახით 17 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო.
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიის, KPMG-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 2025 წელს ევროპის ქვეყნების მწეველმა მოსახლეობამ უკანონო ბაზრებიდან შესყიდული 41 მილიარდ 800 მილიონზე მეტი ღერი სიგარეტი მოიხმარა, რაც მთელი ბაზრის 10.3%-იან წილს შეადგენს.
სტატისტიკა ჩაშლილია ევრობლოკის წევრი სახელმწიფოების მიხედვით და აქ საფრანგეთი ლიდერობს, რაც საერთოდ არ არის შემთხვევითი. ამ ქვეყანაში, ევროკავშირის მასშტაბით, სიგარეტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასია და, წლევანდელი ბოლო მონაცემების მიხედვით, ერთ კოლოფზე 13-14 ევროს შეადგენს.
კონტრაბანდისტული თამბაქოს ნაწარმისადმი მიდრეკილების ზრდა, შესაძლოა, გადასახადების გადამხდელებისთვის გარკვეულ შვებას წარმოადგენდეს, თუმცა ეს ნამდვილი კოშმარი და დარტყმაა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მისაღები ჯამური შემოსავალი ევროკავშირის 2026 წლის ბიუჯეტის თითქმის მეათედს შეადგენს.
თამბაქოს გაყიდვის სფეროში ლიდერი კომპანიის წარმომადგენელმა, ქრისტოს ხარპანტიდისმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ისინი აწყდებიან სულ უფრო მეტ შეზღუდვასა და აკრძალვას, რაც ახალისებს კონტრაბანდისტული პროდუქციის გავრცელებას, ამიტომ პოლიტიკოსებმა უფრო ჯანსაღი და გონივრული ზომები უნდა მიიღონ.
ტენდენცია აჩვენებს, რომ თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობა ნელ-ნელა უკონტროლო ხდება და ხელს უწყობს დანაშაულებრივი ორგანიზაციების უფრო მასობრივ ჩამოყალიბებას, რომლებიც შემოსავალს ინაწილებენ - იმ თანხას, რაც, წესით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შედიოდეს და ხმარდებოდეს, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის პოლიტიკას. ამავდროულად, ეს გარემოება ხელშემწყობია სხვა პროდუქციით არალეგალურად ვაჭრობისთვის.
თუმცა, საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიის, KPMG-ის მონაცემების მიხედვით, თამბაქოს ე.წ. „ჩრდილოვანი ბაზრის“ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა უკრაინაში მოსკოვის ომმა, რადგან კონტრაბანდისტული ნაწარმი მეტწილად შემოდიოდა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მხრიდან.
ლიეტუვის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, დონატას სკარნაულისის თქმით, 2023 წლიდან ბელარუსის საზღვარი სრულადაა დაკეტილი, თუმცა კონტრაბანდა ქვეყანაში ხვდება საჰაერო ბუშტებისა და დრონების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს უკვე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო პროდუქციის წარმოებას.
