2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.
გახსნით შეხვედრაში მუნდიალის ერთ-ერთმა მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2-0 დაამარცხა, რასაც მექსიკის ქუჩებში მასშტაბური ზეიმი მოჰყვა. პირველი სამი ქულის მოპოვების შემდეგ, მეხიკოს ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის მონუმენტთან „ელ-ანხელთან“ ათობით ათასი მექსიკელი გულშემატკივარი გამოვიდა.
„დღის მთავარი მომენტი შეხვედრა იყო. ახლა აქ ელ-ანხელთან შესანიშნავი ატმოსფეროა, რადგან მექსიკელები სწორედ ასეთები ვართ”, - ამბობს მექსიკის ნაკრების გულშემატკივარი, ვენესა ხიმენეზი.
„საინტერესო და განსხვავებულია იმის ხილვა თუ როგორ მიიღეს ბედნიერება და სიხარული იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას იმსახურებენ. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი საზოგადოებასა და ადამიანებს რაღაც დადებითის გარშემო აერთიანებს”, - ამბობს არტურო ლუნა
„მიყვარს ეს ატმოსფერო, ეს სიხარული და ის ემოციები, რასაც ფეხბურთი მექსიკელებში იწვევს. ეს შესანიშნავი რამაა და მექსიკელებზე მსგავს ემოციებს სხვა არაფერი იწვევს”, - ამბობს ანდრეა კარდენასი.
„ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. ეროვნული ჰიმნი ისე არასდროს მიმღერია როგორ დღეს. მე ის შევიგრძენი. სხეულზე ვგრძნობ”, - ამბობს ჰუმბერტო მარტინესი, რომელიც გახსნით მატჩზე შვილთან ერთად მივიდა.
ლეგენდარულ სტადიონზე აცტეკაზე, სადაც 80 ათასზე მეტი გულშემატკივარი იყო მისული, მექსიკამ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ხულიან კინიონესმა 9 წუთზე გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში რაულ ხიმენესმა დააფიქსირა. გამარჯვებით კი მექსიკა A ჯგუფის ლიდერი გახდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, მექსიკის ნაკრების მწვთნელმა ხავიერ აგირემ, რომელსაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელის ჰუგო ბროსის წინააღმდეგ უთამაშია, განაცხადა პირველი შეხვედრის წინ ფეხბურთელებში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობოდა.
„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, თუმცა თავისუფლად შეგვეძლო 3:0 მოგვეგო. ანგარიში 3:0 რომ ყოფილიყო, არავინ აღარაფერს იტყოდა. მათ მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდათ, რომელიც კარს დაახლოებით ორი მეტრით ასცდა. პირველ ტაიმში აშკარა უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს ანგარიშში არ აისახა. ბურთი ძელს მოვარტყით, მათმა მეკარემაც რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია. შემდეგ კი თამაში თავადვე გავირთულეთ. მეორე გოლისა და მათი მეორე წითელი ბარათის შემდეგ თითქოს მოვდუნდით. შეტევისას ისეთი პირდაპირები აღარ ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მატჩი იყო, მუნდიალის გამარჯვებით დაწყება კარგი შედეგია. რა თმქა უნდა გაუმჯობესება შეგვიძლია”, - ამბობს მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე.
გამარჯვებას მექსიკისთვის დამატებითი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ნაკრების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ელ ტრიმ“ გახსნით მატჩში გამარჯვება მოიპოვა. მანამდე მექსიკის ნამკრებმა შვიდი სხვადასხვა მუნდიალის გახნით შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვებისთვის არასდროს მიუღწევია. მათ შორის იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 2026 წლის მსგავსად გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკი ნაკრები ჯგუფში მომდევნო შეხვედრას გვადალახარას „ესტადიო აკრონზე“ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავს.
