კატეგორიები

სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვაქცინას მსოფლიოს უცნობი ვირუსებისგან დაცვა შეეძლება

სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვაქცინას მსოფლიოს უცნობი ვირუსებისგან დაცვა შეეძლება
სამომავლო, პოტენციური პანდემიებისთვის მსოფლიო, შესაძლოა, ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდეს, ვიდრე 2020 წელს, კორონავირუსის გამოჩენისას. ამაში კი განსაკუთრებული წვლილის შემტანი ხელოვნური ინტელექტი იქნება.

კემბრიჯისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, ბრიტანელი მკვლევრების ჯგუფმა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომლის შექმნაში სრულად მხოლოდ თანამედროვე, Ai ტექნოლოგიები იყო ჩართული - პრეპარატი კი დაშვებულია ადამიანებზე გამოსაცდელად და შეუძლია დაიცვას ისინი ვირუსების მთელი ჯგუფებისგან.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორის, სოლ ფაუსტის თქმით, ისეთი ტიპის გრიპები და ვირუსები, როგორებიცაა კოვიდ-19 და ებოლა, მუდმივ მუტაციას განიცდიან, რასაც ადამიანის ხელით შექმნილი ვაქცინები დროში ვერ ეწევა და, შესაბამისად, ანტიდოტებს აღარ აქვთ დაავადებების შეკავების ეფექტი, განსაკუთრებით ვირუსების ახალ შტამებთან მიმართებით.

აქვე საგულისხმოა, რომ კორონავირუსი მსოფლიოში პირველად 2002-2004 წლებში აღმოაჩინეს, რამაც დედამიწის ცალკეულ წერტილებში გამოიწვია ეპიდვითარების გაუარესება, თუმცა უკვე მუტირებულმა შტამმა, ცნობილმა როგორც COVID-19, 2020 წელს მოსახლეობა გლობალური საფრთხის წინაშე დააყენა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეცვალა.

მეცნიერების თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაქცინების შექმნა, სამედიცინო სექტორს მისცემს საშუალებას, გაცილებით უმტკივნეულოდ მართოს ის ვირუსული დაავადებები, რომლებიც ახლა უწყინარი შტამების სახით ცირკულირებენ.

ვაქცინის შესაქმნელად მკვლევრებმა გამოიყენეს სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ პროექტირებული აქტიური კომპონენტი, ე.წ. „სუპერანტიგენი“, რომელიც კომპიუტერული მოდელირების დახმარებით შემუშავებულ ცილაზეა დაფუძნებული და, მაგალითად, კორონავირუსის რამდენიმე შტამის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვისაა გათვლილი.

თავის მხრივ, კომპიუტერული მოდელირებისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს ვირუსული დაავადების ყველა ის გენეტიკური მონაცემი, რომელიც ახლა ღამურებში ცირკულირებს და ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებზე გადამდებია.

მკვლევრების თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ ამ ვაქცინისთვის არ არის ნემსის საჭიროება, რადგან ანტიდოტი ორგანიზმში მიკროფლოიდური სისტემის მეშვეობით ხვდება, რომელიც მაღალი წნევით აღწევს კანქვეშ.

ახალი ანტიდოტის პირველი გამოცდა 2021-2023 წლებში შედგა და მასში 39-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მკვლევრების მიზანი იყო, შეეფასებინათ პრეპარატის უსაფრთხოება, ეფექტურობა და იმუნიტეტის რეაქცია.

აქვე საგულისხმოა, რომ ცდების ჩატარების პერიოდი მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არ იყო ამდენად განვითარებად ფაზაში, ამიტომ, მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით შესაძლებლობები ჯერ კიდევ მზარდია.

დაკავშირებული ამბები
სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვაქცინას მსოფლიოს უცნობი ვირუსებისგან დაცვა შეეძლება ბიომსგავსი მედკიმანეტები – ორიგინალური მედიკამენტების იაფი, მაგრამ ეფექტიანი ალტერნატივა