ევროკავშირის საზღვრის კვეთის ახალი, ბიომეტრიული შესვლა-გასვლის სისტემის შემოღებიდან ორ თვეში მოგზაურთა შორის კვლავ უკმაყოფილებას იწვევს გრძელი რიგები, არათანმიმდევრული და გაჭიანურებული პროცედურები.
მოლოდინმა არ გაამართლა და აეროპორტებში პრობლემა ინოვაციის დანერგვით მაინც არ მოგვარებულა და მგზავრებს შორის არსებობს პრეცედენტებიც, როცა, სისტემური ქაოსის გამო, მათი ტურისტული გეგმები აირია.
არასახარბიელო მდგომარეობას აღიარებს ევროკავშირის წარმომადგენლობაც, საიდანაც დამაიმედებელი გზავნილი არ გაისმა - ევრობლოკში ამბობენ, რომ ამ სადავო სქემის სრულად დასტაბილურებას, შესაძლოა, ორ წლამდე ვადა დასჭირდეს, რადგან ტურისტული ინდუსტრია საკმაოდ რთულ და კომპლექსურ ჩართულობას მოითხოვს, საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად.
ევროკავშირის საზღვრების კონტროლში დამხმარე კომპანია Frontex-იც აღიარებს, რომ ახალ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, რათა შეიქმნას ერთიანი ბაზა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, უკუ სარეკანოს თქმით, ამ რგოლში ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არის იმ მოგზაურთა თითის ანაბეჭდების მიღება, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები და პირველად ჩადიან შენგენის ზონაში.
საზღვრის კვეთის ახალი, ბიომეტრიული შესვლა-გასვლის სისტემა, სრული დატვირთვით მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდა და უნდა უზრუნველეყო თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონის მთელი საზღვრის გასწვრივ, თუმცა ევროპის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ამან მგზავრთანაკადის შეფერხებები და სისტემის გაუმართაობა გამოიწვია.
არსებული ვითარების გამო, საბერძნეთმა დროებით შეაჩერა ბრიტანეთის მოქალაქეების შემოწმება.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე შენგენის ზონაში ჩამსვლელი მოგზაურებისთვის წელს ცუდი ამბავი ისაა, რომ შეფერხებების გამოსწორება ჯერჯერობით დაუძლეველ პრობლემად რჩება, თუმცა ერთადერთი გამოსავალი არის თადარიგის დაჭერა და აეროპორტში კონტროლის გასავლელად რეისამდე გაცილებით ადრე მისვლა, რათა სისტემა წნეხის ქვეშ არ მოექცეს.
შესვლა/გასვლის ახალი სისტემა არის ავტომატიზებული ციფრული სისტემა, რომელიც ცვლის პასპორტში ბეჭდების ტრადიციულ დარტყმას. შენგენის ზონაში პირველად შესვლისას, სისტემა ავტომატურად აფიქსირებს მგზავრის სახელს, ბიომეტრიულ მონაცემებს, რაც ხერხდება თვალის ბადურის სკანირებისა და თითის ანაბეჭდის აღებისას.
სისტემა ვრცელდება შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით შემსვლელ ყველა მოქალაქეზე, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აკავშირებთ.
სისტემა ზუსტად აღრიცხავს ვიზის ან უვიზოდ ყოფნის ვადას და ეხმარება შესაბამის ორგანოებს იმ მოგზაურთა გამოვლენაში, რომლებიც ქვეყანაში დაშვებულ ვადაზე მეტ ხანს რჩებიან.
