რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.
სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ყველაზე მძიმე ვითარება კი კიევის ოლქის ბორისპილის რაიონში შეიქმნა, სადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს რუსული დრონი დაეცა. დარტყმის შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რომელმაც დაახლოებით 2 000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებიც. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას და ხანძრის შემდგომ გავრცელების თავიდან აცილებას.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა ღამის განმავლობაში ქვეყნის მიმართულებით სულ 117 დრონი გაუშვა. სამხედროების ცნობით, მათგან 102-ის განეიტრალება მოხერხდა, ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, ნაწილი კი ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით იქნა განეიტრალებული.
რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ თუ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებითა და რაკეტებით ინტენსიურ შეტევებს აგრძელებს. კიევი აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმების მთავარი მიზანი მოსახლეობის დაშინება და ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებაა.
