კატეგორიები

ნობელის მშვიდობის პრემია მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

ნობელის მშვიდობის პრემია მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მარია კორინა მაჩადო ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელია. როგორც ნობელის კომიტეტში განაცხადეს, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია წელს გადაეცა მას, ვინც „სიბნელეში დემოკრატიის ალს ინარჩუნებს“.

„ნობელის მშვიდობის პრემია 2025 წელს გადაეცემა მშვიდობის ერთგულ და მამაც დამცველს – ქალს, რომელსაც მზარდი სიბნელის ფონზე ხელში დემოკრატიის ცეცხლი უჭირავს. როგორც ვენესუელის დემოკრატიული ძალების ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ლათინურ ამერიკაში სამოქალაქო სიმამაცის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია. ის იქცა მნიშვნელოვან გამაერთიანებელ ფიგურად პოლიტიკურ ოპოზიციაში, რომელიც ოდესღაც გახლეჩილი იყო – ოპოზიციაში, რომელმაც იპოვა შეხების წერტილი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნისთვის… როცა დემოკრატია საფრთხეშია, საერთო ხედვების დაცვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, იურგენ ვატნე ფრიდნესმა.

58 წლის მარია კორინა მაჩადო წლებია, იბრძვის ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ. 2024 წელს მას სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მის ნაცვლად „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გახდა. ეგზიტპოლის შედეგებით, გონსალესმა, რომელსაც ზურგს მაჩადო უმაგრებდა, მადურო დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად კვლავ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გამოაცხადა.

მაჩადო მეოცე ქალია, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდა. იგი იანვრის შემდეგ მიმალვაშია მადუროს რეპრესიული პოლიტიკის გამო.

დაკავშირებული ამბები
ვენესუელადან აშშ-ში 7 წლის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა შეერთებული შტატები და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
სხვა ამბები