დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა არჩევნებისთვის „ჯერ მზად არ არის“. ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მედიის კითხვას პასუხობს იმის თაობაზე, თუ რა უშლის ხელს იმაში, რომ ვენესუელას არჩევნებისთვის კონკრეტული თარიღის დათქმა მოსთხოვოს.
ოვალურ კაბინეტში მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ მან ვენესუელა დიქტატურისგან დაიხსნა და რომ ახლა ვაშინგტონს კარაკასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
მანვე განმარტა, რომ ვენესუელაში არჩევნების ჩატარება მასაც სურს და ქვეყნის ხელმძღვანელობასაც, თუმცა ახლა, ამერიკის შეერთებული შტატები მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან უკვე რვა თვის შემდეგაც კი, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.
„უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ისინი ჯერ მზად არიან. ეს ყველაფერი ძალიან ახალია. ჩვენ ისინი დიქტატურიდან გამოვიყვანეთ და მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დელსი, როგორც იცით, ძალიან, ძალიან კარგად მუშაობს. მას ძალიან დიდ პატივს სცემენ. ეს ჩვენც გვინდა და მათაც. დელსის ეს სურს. მაგრამ ჯერ მზად არ არიან. ჩვენ ისინი ძალიან ძლიერი, დაუნდობელი დიქტატურიდან გამოვიყვანეთ, რომლის პირობებშიც ბევრი ადამიანი ციხეში იყო. ისინი ციხიდან უმეტესად გათავისუფლდნენ. ისინი პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. რაღაც მსგავსი ამ ქვეყანაშიც გვქონდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სისასტიკე გვქონდა. მას გარკვეული ადამიანები მართავდნენ – ბაიდენი ნაკლებად. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მის გარშემო იყვნენ ამ მაგიდასთან, სასტიკი, მოძალადე ადამიანები იყვნენ – ჭკვიანები, მაგრამ გიჟები, რადიკალი მემარცხენე შეშლილები. ვენესუელაში ძალიან ძლიერი, საზიზღარი დიქტატურა იყო. და ისინი ჯერ ამისთვის მზად არ არიან, მაგრამ მალე იქნებიან. ჩვენ მოუთმენლად ველით ამას, თანაც მალე“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთბულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების შესაძლო განახლებასთან დაკავშირებითაც და კვლავ განაცხადა, რომ კანადა შეერთებულ შტატებს „ძარცვავს“.
„ბატონო პრეზიდენტო, კანადა ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. იგეგმება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება და შემცირდა თუ არა კანადელი ტურისტების რაოდენობა შტატებში?“, - ჰკითხეს დონალდ ტრამპს.
„არ ვიცი. შემიძლია ეს გითხრათ: კანადა მრავალი წლის განმავლობაში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში ძარცვავდა შეერთებულ შტატებს. ჩვენ კანადასთან 60-დან 100 მილიარდ დოლარამდე ვკარგავდით. ტრადიციულად, ბოლო 15 წლის განმავლობაში ასე იყო. ეს ძალიან უსამართლო გარიგებაა. ისინი ჩვენს ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებენ. ისინი ჩვენს ფერმერებს, ჩვენს ტურისტებს, ავიაკომპანიებს იყენებენ”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 21 აგვისტოს ჩაიშალა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და დონალდ ტრამპმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს 50%-იანი ტარიფები დაუწესა. ამერიკის შეერთებული შტატების პროდუქტებზე საპასუხო ტარიფების დაწესების გეგმები გამოაცხადა კანადამაც.
მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა, ხოლო მისმა ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ოტავას ამ დავაში შეზღუდული ბერკეტები აქვს, რადგან ამერიკის შეერთებულიშტატების ეკონომიკა კანადისაზე დაახლოებით 13-ჯერ დიდია.
