კატეგორიები

ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია საქართველოში 9 და 10 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრებს მართავდა. ევროპარლამენტარები, კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებოდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ. მათივე ცნობით, ისაუბრეს სასანქციო ზომებზეც, რომლებიც არა ქართველ ხალხს, არამედ პოლიტიკოსებისვე განცხადებით, „ქართული ოცნების ავტოკრატიული რეჟიმის ლიდერებს უნდა შეეხოთ“.

„ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა. საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო. ვისაუბრეთ, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ. ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს, მხოლოდ ივანიშვილს შეეხოს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს, ცრუ მოწმეებს, ე.წ. მოსამართლეებს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერია და იმედი მაქვს, მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება“, – განაცხადა ენმ-ის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტარების ვიზიტს ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებით არასწორ ნაბიჯებს დგამს და იგი ევროპარლამენტარების ვიზიტსაც ამავე კურსის გაგრძელებად მიიჩნევს.

„არ ვიცი, რომელი დელეგაციაა კონკრეტულად, თუმცა, ვიცით ევროპარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა რაც არის. შეგახსენებთ მათ რეზოლუციას. არის ორი მორალური სვეტი, რომლებსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ეყრდნობა. მათი პირველი მორალური სვეტი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატი, პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალი. მეორე მათი მორალური ღერძია, რომ მილიონ 120 ათასი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე არის არაფერი, არარაობა. 2024 წელს მათ რომ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, მილიონ 120 ათასი საქართველოს მოქალაქე ევროპარლამენტმა გამოაცხადა არარაობად, ვინაიდან თქვეს, რომ არ აღიარებენ მათ ნებას და საქართველოს პარლამენტს. ეს არის 2 მორალური ღერძი, რომლებზეც დღეს ევროპარლამენტი დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის დასასრულს კი ბოლო შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. მედიისთვის ყველა შეხვედრა დახურული იყო. ევროდეპუტატებს ჯერ არც რაიმე განცხადება გაუვრცელებიათ ვიზიტთან დაკავშირებით.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები