2015 წელს სამი ბრიტანელი მოზარდი სირიაში გაემგზავრა. ისინი „ისლამურ სახელმწიფოს“ უერთდებოდნენ და ტერორისტებზე ქორწინდებოდნენ.
მათი ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ერთ-ერთმა გოგონამ, შამიმა ბეგუმმა – გასულ წელს წააგო სასამართლო დავა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეობის დაბრუნებას უკავშირდებოდა.
ეს ისტორია შთაგონების წყაროდ იქცა ახალი ფილმისთვის, რომელიც სირიაში მოგზაურობას ორი მოზარდის, დოი და მუნას, თვალით გვიჩვენებს.
„პატარძლები“ ცნობილი თეატრის რეჟისორ ნადია ფოლის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი სირიაში გაპარულ გოგონათა ამბავს სწორედ მათი თვალით გვაჩვენებს.
„ჩვენ მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან ვხედავდით ამ ისტორიას – ახალი ამბებისა და არა თავად მოზარდების თვალით. საბოლოოდ მივხვდი, რომ საჭიროა, ამის მიღმა გახედვაც. როცა გადასაღებ მოედანზე მოვედი, თავიდან მეგონა: მოიცადეთ… ეს ძალიან მძიმე და ბნელი თემაა. მაგრამ მერე გავიაზრე: სინამდვილეში ისინი ხომ უბრალოდ ბავშვები იყვნენ. მხოლოდ ბავშვები.
ამ მოზარდებისთვის ეს იყო პირველი მოგზაურობა, სრულიად ახალი სამყაროს კარიბჭის შეღება. მათ არ იცოდნენ, რაში ებმებოდნენ. ყველაფერი განპირობებული იყო იმ გულუბრყვილობით, რომელიც ბავშვურ საოცრებაზე ოცნებას ჰგავდა.
ფილმის გადაღება დანის პირზე გავლას ჰგავდა. ასეთი სიუჟეტი ძალიან ფრთხილად უნდა გადაიღო – არასწორ ხელში ის შესაძლოა პროვოკაციულ და საზიანო ნამუშევრად იქცეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანები უფრო მეტად ეძებენ კავშირს ერთმანეთთან, ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ, რადგან თითქოს ამ სამყაროში ყველა დავიკარგეთ” .
მართლაც, ფილმის სიუჟეტი ძალიან ფრთხილია. „პატარძლებში“ ტერორიზმის შესახებ ძალიან მცირე დისკუსია თუ ანალიზია. ფილმი არც ისლამურ სახელმწიფოს გვაჩვენებს და არც ჯიჰადისტებთან გოგონების თანაცხოვრებაზე გვიამბობს.
„პატარძლები“ მოგზაურობას აღწერს – ქაოსითა და იმედგაცრუებით სავსეს. ის ნათლად აჩვენებს, თუ სად არიან ეს გოგონები ახლა და ფრაგმენტულად გვაძლევს პასუხს კითხვაზე – იქ რატომ აღმოჩნდნენ“.

