კატეგორიები

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროვიზიას უმასპინძლოს

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროვიზიას უმასპინძლოს
Copyright The Associated Press

ბულგარეთისთვის ევროვიზიაზე პირველი გამარჯვების მომტანი მომღერალი „დარა“ სამშობლოში დაბრუნდა. ტრიუმფატორს სოფიის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერი შეძახილებით დახვდნენ.

პირველად 2017 წლის შემდეგ, ევროპის მთავარი სიმღერის 70-ე კონკურსზე განმეორდა შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული ქვეყანა გახდა როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის რჩეული.

„ბულგარული მუსიკისთვის უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და, ვიმედოვნებ, ეს იქნება გაკვეთილი, რომ ჩვენი ქვეყნის არტისტები და ხელოვნების სფეროში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად უნდა იყვნენ მხარდაჭერილნი. ჩვენ გვჭირდება თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მსოფლიოს დასაპყრობად. ჩვენ კრეატიული ერი ვართ, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს“, - თქვა მედიასთან საუბრისას ევროფესტივალის 2026 წლის გამარჯვებულმა.

მომდევნო წლის ევროვიზიის მასპინძლობის მზაობა ბულგარეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე დაადასტურა - ინტერესი ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ხელმძღვანელობებმაც გამოხატეს, თუმცა, საბოლოოდ, ჩატარების ადგილი განისაზღვრება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ამავე დროს ცნობილი გახდება მომდევნო ევროფესტივალის გამართვის თარიღებიც.

მანამდე კი ქალაქ სოფიაში გრანდიოზული ფინალის ღამეც და 17 მაისიც იქცა სახალხო ზეიმად. მართალია, ბულგარეთი „ბუქმეიქერებისა“ და ევროფანების მიერ საუკეთესო ათეულში განიხილებოდა, თუმცა მის გამარჯვებაზე ფსონს ბევრი არ დებდა - თანაც ასეთი შედეგებით.

„ამას არასდროს ველოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დარასა და მისი სიმღერისადმი სიყვარული ევროპაში ასეთი აურაცხელი იქნებოდა - არამხოლოდ ჟიურის, არამედ აუდიტორიის მხრიდანაც. ნამდვილად ჯადოსნური მომენტია“, - თქვა ბულგარეთის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

ზედიზედ მეორე წელია, ევროვიზიის ფინალის კულმინაციურ მომენტში ერთ-ერთ მხარეს ისრაელია. წლევანდელი კონკურსის მეორეადგილოსანს სამშობლოში სიამაყით დახვდნენ. დაფიქსირებული შედეგი მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც მიულოცა.

გრანდიოზულ ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალის მასპინძელი ვენა, კონკურსში ისრაელის მონაწილეობის გამო, პროპალესტინურმა პროტესტმა მოიცვა.

„სიმღერის კონკურსში ისრალის მონაწილეობას ვაპროტესტებ, რადგან მივიჩნევ, რომ ეს არის გენოციდის გამართლების მცდელობა. ვფიქრობ, სწორია რუსეთის მსგავსი აგრესორების დისკვალიფიკაცია. ვფიქრობ, სრულიად მართებულია ომის დამნაშავეები უწოდო მათ, ვისზეც დაკავების ორდერია გაცემული. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორია კონკურსზე ისრაელის დაშვება იმ დროს, როცა ჩვენს თვალწინ ვაკვირდებით გენოციდს“, - განაცხადა პროპალესტინური პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კარინ ვილფლინგსედერმა.

წლევანდელი კონკურსი საკმაოდ დაძაბული და წარმატებული აღმოჩნდა ბალკანური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

გარდა გამარჯვებული ბულგარეთისა, აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა რუმინეთმა, რომელმაც მაყურებლის მეორე რჩეული აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ფინალში მესამე ადგილი დაიკავა.

დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სიმღერა მოლდოვადან ათეულში მოხვდა საბერძნეთთან, უკრაინასთან, დანიასთან, იტალიასთან, ფინეთთან და ავსტრალიასთან ერთად, რომლის გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო წლის კონკურსი მაინც ევროპულ კონტინენტზე უნდა გამართულიყო.

გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ბოლო წლების ყველაზე სადავოდ და დაძაბულად მიჩნეულმა 2026 წლის ევროვიზიამ მაინც ჩაიარა ზეიმის, ცეცხლოვანი შოუსა და კონკურსის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაგროვებული არაერთი ლეგენდარული სიმღერის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო.

დაკავშირებული ამბები
კონკურსში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროვიზიას უმასპინძლოს ევროვიზია 2026-ის ყველა ფინალისტი ქვეყანა გამოვლენილია