„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“, – ამბობს პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი მას შემდეგ, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შეიჭრა.
პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ეს მუხლი უფლებას აძლევს ნატოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, ალიანსის საბჭოზე უსაფრთხოების საკითხი დააყენოს მაშინ, როცა მის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
დონალდ ტუსკი ამბობს, რომ მეოთხე მუხლის ამოქმედება მხოლოდ დასაწყისია და პოლონეთი მოკავშირეებისგან გაცილებით დიდ მხარდაჭერას ელის.
„დღეს საჭიროა ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ მთელ დასავლურ სამყაროს, ჩვენს ყველა მოკავშირეს: ნატოს მე-4 მუხლი მხოლოდ შესავალია გაღრმავებული თანამშრომლობისკენ, ჩვენი ცისა და საზღვრების, ნატოს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
სიტყვები აქ საკმარისი აღარ არის. ჩვენ როგორც მე-4 მუხლის ფორმატში, ისე სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებში ბევრად უფრო დიდ მხარდაჭერას ველით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და არც მხოლოდ უკრაინელების ომი. ეს არის ომი, დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელ თავისუფალ მსოფლიოს გამოუცხადა. ამის გაცნობიერება ყველამ უნდა დაიწყოს.
მე, ბატონი პრეზიდენტი, ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები – მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველა მზად ვართ, მათ შორის საერთაშორისო არენაზეც. ჩვენ მოვაბილიზებთ ჩვენს მოკავშირეებს – დაწყებული ვაშინგტონით ნატოს ყველაზე პატარა ქვეყნებამდე. ყველას შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა იმაში, რომ რუსული საფრთხის მიმართ საბოლოოდ 100%-ით სერიოზული და რეალური მიდგომა გვქონდეს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – ასეთია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოზიცია. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დღეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოკავშირეები ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და ნატოს საჰაერო თავდაცვა სრულ მზადყოფნაშია. მისივე განცხადებით, განურჩევლად იმისა, იყო თუ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთი მიერ წინასწარ განზრახული ქმედება, მომხდარი მაინც „სრულ უგუნურებად“ უნდა შეფასდეს.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს დილით შეიკრიბა და განიხილა ვითარება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად, პოლონეთის მიერ კონსულტაციების ჩატარების მოთხოვნის გათვალისწინებით. მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და დაგმეს რუსეთის უგუნური ქმედება. მიმდინარეობს ინციდენტის სრული შეფასება. ცხადია, გუშინდელი დარღვევა არ არის იზოლირებული ინციდენტი. ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, თუმცა მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს წინასწარ განზრახული ქმედება, ეს მაინც სრული უგუნურებაა. ჩვენი გზავნილი პუტინისთვის სავსებით ნათელია: მან უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა. შეწყვიტოს ნატოს მოკავშირეების საჰაერო საზღვრების დარღვევა. ჩვენ მზად ვართ, მოვლენებს თვალს ფხიზლად ვადევნებთ და ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯს დავიცავთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას აფასებენ ბრიუსელშიც. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მომხდარს „თავდასხმას“ უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლონეთს თავდაცვის სრული უფლება აქვს.
„პოლონეთს აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით მომხდარს და ვიკვლევთ, რა მოხდა. როგორი რეაგირება შეიძლება გვქონდეს ამ თავდასხმაზე მე და ევროკავშირს? ევროკავშირი რჩება ერთიანი. პოლონეთი არის არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოც. აქ დგება არამარტო ჩვენი საერთო თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების საკითხი არამედ ისიც, თუ რამდენად შეგვიძლია მსგავს თავდასხმებზე რეაგირებისთვის მზადყოფნა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეღწევის და ჩამოგდების შემდეგ ბელარუსის არმიის სარდლობამაც განაცხადა, რომ გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატები ბელარუსშიც ჩამოაგდეს. თუმცა მინსკში არ უთქვამთ, ვის დრონებზეა საუბარი.
„ღამის საათებში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დარტყმების ურთიერთგაცვლისას ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის ძალები განუწყვეტლივ აკვირდებოდნენ კურსდაკარგულ დრონებს. ზოგიერთი ასეთი დაკარგული დრონი ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაანადგურეს“, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პაველ მურავეიკომ.
კრემლის პასუხი კი ამგვარია: „ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელობები რუსეთს ყოველდღიურად ადანაშაულებენ პროვოკაციების მოწყობაში და უმეტეს შემთხვევაში არგუმენტების წარმოდგენას არც კი ცდილობენ“, – განახადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.