მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა ნეპალის პრემიერ-მინისტრი, კომუნისტური პარტიის ლიდერი შარმა ოლი.
ასევე ნეპალის ხელისუფლებამ გააუქმა სოციალური ქსელების აკრძალვის გადაწყვეტილება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ნეპალის კომუნიკაციების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მაღალჩინოსნის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა მოთხოვნის პასუხად.

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დემონსტრაციები 7 სექტემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აკრძალოს კონკრეტული სოციალური პლატფორმები, მათ შორის Facebook, X და YouTube.
ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვეტილება ახსნა „დეზინფორმაციასთან, სიძულვილის გაღვივებასა და ონლაინთაღლითობასთან ბრძოლის აუცილებლობით“.
ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ნეპალის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი ქვეყანაში ცენზურის დაკანონება იყო.
მოქალაქეთა პროტესტის საპასუხოდ, 8 სექტემბერს ნეპალის პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 19 დემონსტრანტი დაიღუპა.
