ორგანიზაცია World Weather Attribution-ის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ თვეში ნეპალში, ჰიმალაის მთებში, დამანგრეველ კატასტროფაში; კერძოდ, მან ხელი შეუწყო მყინვარების შემცირებასა და მთის ყინულოვანი მასის ლღობას, რის გამოც ფერდობი არამდგრადი გახდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მისი ჩამოშლის მიზეზიც.
26 აგვისტოს ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან სტიქიურმა მოვლენამ გამოიწვია წყლის, ყინულის, ლოდებისა და ნატანის მასიური ნაკადი, რომელმაც მდინარე ტრიშულის ხეობაში მდებარე დასახლებებს გადაურა, რასაც 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5000-ზე მეტი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ანალიზით ვერ დადგინდა, ჩამოიშლებოდა თუ არა მყინვარი კლიმატის ცვლილების გარეშე, რომელიც ძირითადად სათბურის აირების გამოყოფითაა გამოწვეული ისეთი საწვავის გამოყენების შედეგად, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი.
თუმცა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ გლობალურმა დათბობამ გააძლიერა ის პროცესები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ფერდობი ნაკლებად მდგრადი გახადა.
ანგარიშის თანახმად, დათბობის გამო სიმაღლემ, სადაც ნიადაგი მუდმივად გაყინულია, ბოლო ათწლეულში დაახლოებით 100 მეტრით მოიმატა.
ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ რეგიონის მყინვარები ბოლო ათწლეულების განმვალობაში ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მეტრის სისქის ყინულის მასას კარგავენ.
ლანგტანგ-ლირუნგის მყინვარი, რომელიც იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც გასულ თვეში ეს კატასტროფა მოხდა, 1990-იანი წლების შემდეგ დაახლოებით ნახევარი კილომეტრითაა უკან დახეული და თვალით შესამჩნევია ის კლდე, რომელიც მანამდე ყინულით იყო დაფარული.
