კატეგორიები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემიას გადასცემენ

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემიას გადასცემენ

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემიას გადასცემენ. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი ორმა ევროპულმა ფონდმა, ნორვეგიულმა The Fritt Ord Foundation-მა და გერმანულმა The Zeit Stiftung Bucerius-მა Free Media Awards-ის ლაურეატებს შორის დაასახელა.

თავისუფალი მედიის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიასაშუალებებსა თუ ჟურნალისტების, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვის საქმეში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. ფონდების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სიმბოლოდ იქცა და იგი ისჯება „მრავალწლიანი საქმიანობისთვის, რომელმაც საზოგადოების წინაშე რეჟიმის კორუმპირებული ქმედებები გამოააშკარავა“.

„ჟურნალისტი და მედიადამფუძნებელი მზია ამაღლობელი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სიმბოლოდ იქცა საქართველოში. იგი მედიის თავისუფლების ჯილდოს ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების 25-წლიანი ერთგულებისთვის იღებს. ამ წლების განმავლობაში მან დააარსა ქვეყნის ორი ყველაზე სანდო და პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.

ჟურნალისტის, მედიასაშუალებათა დამფუძნებლისა და დირექტორის როლში მზია ამაღლობელი აშუქებდა ადამიანის უფლებების დარღვევებს, კორუფციას და მმართველობის არაკომპეტენტურობას. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედია დევნის მსხვერპლი გახდა სამი სხვადასხვა ხელისუფლების დროს…

აგვისტოში მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. რეალურად, მას სჯიან მრავალწლიანი საქმიანობისთვის, რომელმაც საზოგადოების წინაშე რეჟიმის კორუმპირებული ქმედებები გამოააშკარავა”, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

წელს პრემიის ლაურეატები არიან:

მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
ჟურნალისტი და მედიადამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი)
ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
მედიაარხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

თავისუფალი მედიის კონფერენცია 5 ნოემბერს ჰამბურგში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონია 6 ნოემბერსაა ჩანიშნული.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები