კატეგორიები

„გარშემო სულ კლასიკური მუსიკა ისმის” – ჩელისტი ჯინგ ჟაო წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე

„გარშემო სულ კლასიკური მუსიკა ისმის” – ჩელისტი ჯინგ ჟაო წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. დღეს, 9 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის მსმენელის წინაშე მევიოლინე მარკ ბუშკოვი, ჩელისტი ჯინგ ჯაო, პიანისტი ალექსანდრა დოვგანი წარდგნენ. მათ მსმენელისთვის ფრედერიკ შოპენის საფორტეპიანო ტრიო, სერგეი რახმანინოვის ელეგიური ტრიო და ერვინ შუკჰოფის ნაწარმოები შეასრულეს.

„ერვინ შულჰოფის დუეტი შევასრულეთ ვიოლინოსა და ჩელოსთვის. ეს ნაწარმოები 1925 წელს დაწერა ჩეხმა კომპოზიტორმა, რომელსაც ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. იგი საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, თუ არ ვცდები, 49 წლის ასაკში, თუმცა დიდებული მუსიკა დაგვიტოვა… მიხარია, რომ დღეს აქ ეს ნაწარმოები შევასრულეთ, რადგან მგონია, რომ მსმენელმა ის გაიგო და დააფასა”, – ამბობს მევიოლინე მარკ ბუშკოვი.

წინანდლის ფესტივალზე პირველად გამოდის სცენაზე მსოფლიოში ცნობილი ჩელისტი ჯინგ ჟაო. მისი თქმით, წინანდალში შესანიშნავი გარემოა.

„გარშემო სულ კლასიკური მუსიკა ისმის. ეს ძალიან მაბედნიერებს და მახარებს. როცა ვხედავ, რამდენად ტკბებიან ადამიანები ამ მუსიკით, ვფიქრობ , რომ კლასიკურ მუსიკას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. ფესტივალს მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები ესწრებიან, და მაყურებლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ძალიან ახლოს იყვნენ მათთან. წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ ერთად ისაუზმოთ, დაუსვათ მათ სერიოზული კითხვები – ეს მართლაც საოცარია. ჩემთვის ეს ყველაფერი დიდ დღესასწაულს ჰგავს, რომელიც კლასიკურ მუსიკას ეძღვნება. ვფიქრობ, თუ მუსიკა გიყვარს, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა იყო”, – ამბობს ჯინგ ჟაო.

ფესტივალის მეშვიდე სეზონის ფარგლებში დღეს წინანდლის ამფითეატრში ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები წარდგება.

 

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები