ჩვენ მივირთმევთ, ვსუნთქავთ და ვსვამთ ამ ნივთიერებას, არადა კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მის შესახებ. მიკროპლასტმასაზე ვსაუბრობთ. ის ერთნაირად საშიშია გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ნაწილაკებს შეუძლიათ შთანთქან მომწამლავი ნივთიერებები და ძალიან მარტივად ხვდებიან საკვებ ჯაჭვში. მაინც რას აკეთებს ევროკავშირი ამ საკითხის მოსაგვარებლად?
ხმელთაშუა ზღვა დაბინძურების მხრივ ზღვებს შორის რიგით მეექვსე ყველაზე დაბინძურებული ზონაა. იგი მსოფლიოს წყლის საფარის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს, არადა მასში მსოფლიოში არსებული მიკროპლასტმასას 7%-ია თავმოყრილი. სწორედ ამიტომ ჩავიდნენ პროექტ Exploration Blue-ის მეცნიერები ტულონის სანაპიროზე, რათა შეისწავლონ მიკროპლასტმასით დაბინძურების გავლენა ხმელთაშუა ზღვაზე. ექსპედიცია არასამთავრობო ორგანიზაცია Expedition 7th Continent-ის 27 მეტრის სიგრძის გემით ტარდება.
„ხმელთაშუა ზღვა დახურული ზღვაა, რომლის სანაპირო ზოლიც მჭიდროდაა დასახლებული და ხმელეთზე ადამიანის ყველა საქმიანობის კვალი ზღვაზე აისახება. ჩვენ ვსწავლობთ ქიმიურ დამაბინძურებლებს, რომლებიც მიკროპლასტმასას გადააქვს. და უკვე გავარკვიეთ, რომ ყველა ასეთი ნაწილაკი შეიცავს ქიმიურ დამაბინძურებელს,“ – განმარტავს ალექსანდრა ტერ-ჰალე, საფარნგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორი და ამ ექსპედიციის სამეცნიერო კოორდინატორი.
ყოველი ექსპერიმენტის დროს მანტას ორ ტრალს ზღვაში ერთი საათით შლიან მიკროპლასტმასას ნიმუშების შესაგროვებლად. ნიმუშებს, მათი შეგროვებისა და ორგანული ნარჩენებიდან განცალკევების შემდეგ, პროექტში ჩართულ ლაბორატორიებში დაახარისხებენ. ალექსანდრა უკვე წლებია პლასტმასასთან დაკავშირებული დამაბინძურბელების ქიმიურ ბუნებას იკვლევს ტულუზის უნივერსიტეტში.
„ათასობით მიკროპლასტმასას ვაგროვებთ. ვზომავთ, ვწონით და ანალიზს ვუტარებთ. ვზომავთ პლასტმასასთან დაკავშირებულ ენდოკრინული დარღვევის გამომწვევ სხეულებს. ვიცით, რომ პლასტმასის დამზადებისთვის პლასტმასის დანამატებში 16 ათას ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ. აქედან 4 ათასი უკვე შეფასებულია, როგორც საშიში,“ – ამბობს ალექსანდრა.
მისი აზრით, პრობლემა ის არის, რომ როდესაც ზღვის ფაუნის წარმომადგენლებს მიკროპლასტმასათან კონტაქტი აქვთ, ეს ქიმიური ნივთიერებები ცხოველის ორგანიზმში აღწევენ. ისინი ენდოკრინულ დარღვევებს იწვევენ და ცხოველის ჯანმრთელობას აზიანებენ.
„ადამიანზე მათი გავლენა ჯერჯერობით არ არის ბოლომდე შესწავლილი. ვიცით, რომ ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი სხეულები ჩვენი სხეულის მთელ ჰორმონულ სისტემას აზიანებს. შედეგად, ისინი აზიანებენ ნაყოფიერებას და იწვევენ კიბოს,“ – განმარტავს ალექსანდრა. „ჯერ კიდევ უამრავი კითხვა გვაქვს პლასტმასის დაბინძურებასთან დაკავშირებით. და ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით ამ დაბინძურების უხილავ ასპექტზე მიკრომეტრულ და ნანომეტრულ დონეზე.“
მეცნიერება მხოლოდ ახლა იწყებს იმის გაგებას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს მიკროპლასტმასა ეკოსისტემისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვჭამთ, ვსუნთქვათ და ვსვამთ ამ ნივთიერებას, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამ არ ვიცით – რადგან არ გვაქვს ზუსტი ხელსაწყო, რათა გავზომოთ მიკრო და ნანოპლასტმასები, რომლებიც ხშირად მილიმეტრის მეათასედიც არ არიან, და სრულად გავიგოთ, როგორია მათი ეფექტი.
ევროკომისიის „ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმა“ მიზნად ისახავს 30%-ით შეამციროს მიკროპლასტმასა მოცულობა 2030 წლისთვის. ჟან-ფრანსუა გილიონი ზღვის მიკრობიოლოგი და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევის დირექტორია. 2019 წელს მან ნიმუშების შეგროვების უპრეცედენტო კამპანია ჩაატარა ევროპის ცხრა მთავარ მდინარეზე და აღმოაჩინა, რომ მიკროპლასტმასები ყველგანაა და მათი კონცენტრაციის დონე „შემაშფოთებელია“.
„ევროპა საკამოდ დაწინაურდა ამ სფეროში,“ – ამბობს გილიონი. „ჩვენ პლასტმასას ძალიან დიდი დაბინძურება გვქონდა, ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი ნივთების გამო. ეს იყო ევროკავშირის პირველი სამიზნე. ახლა იმედი გვაქვს, რომ შეიცვლა დამოკიდებულება პლასტმასის მიმართ და სწორედ ამას ველოდებით ევროპისგან.“
აქამდე პლასტმასას ნარჩენად თვლიდნენ და ყურადღებას ძირითადად ნარჩენების მართვაზე ამახვილებდნენ. დღეს უკვე პრობლემა, გილიონის აზრით ის არის, რომ საქმე ეხება ძალიან დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა გამოც პლასტმასა ტოქსიკურია. ასე რომ მომდევნო წლებში ევროკავშირის მთავარი ამბიცია ის იქნება, რომ შედგეს იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომელთა გამოყენებაც პლასტმასას შემადგენლობაში უნდა აიკრძალოს.“
ევროპამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია პლასტმასის შეზღუდვის მხრივ, მაგრამ მეცნიერები უფრო მეტს ითხოვენ: პლასტმასის წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას. მოლაპარაკებები გლობალური ხელშეკრულების ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება კი არჩევანის წინაშე დგას – ან ისევ გააგრძელოს დაბინძურების მართვა, არ ძირფესვიანად ამოძირკვოს ეს პრობლემა.
ავტორი: მონიკა პინა