აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელსაც 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3000-ზე მეტი დაშავდა, მაშველები და სოფლის მცხოვრებლები დანგრეული სახლების ნანგრევებში განაგრძობენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. 31 აგვისტოს, კვირას ღამით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, რასაც მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა.
„ისეთი მიწისძვრა იყო, რომ ვერცერთი ჩვენგანი გონზე ვერ მოვიდა. არავინ იცოდა, რა მდგომარეობა იყო გვერდზე სახლში, ყველა საკუთარ გასაჭირში იყო. რყევა შუაღამის 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო შემდგომი ბიძგები დილის 7 საათამდე გაგრძელდა. ვერავინ იძვროდა ადგილიდან. ვერავინ გადავიდოდა, თუნდაც, მეზობელთან, რომ გაეგო რა ხდებოდა“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული მუჰამედ იუნუსი.
სტიქიამ გარკვეული სოფლები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ხალხი კი თიხის აგურისა და ხისგან აშენებული სახლების ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
რთული რელიეფი კი შემაფერხებელი აღმოჩნდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის, რის გამოც „თალიბანის” ხელისუფლება იძულებული გახდა, ევაკუაციისთვის ადგილზე სამხედროები გაეგზავნა.
„ხალხი მოდის დასახმარებლად და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. დაჭრილები ნანგარჰარისა და კუნარის საავადმყოფოებში გადაჰყავთ, ხოლო დაღუპულებს აქ, სოფელში კრძალავენ. ხალხი ნანგრევებს ასუფთავებს, რადგან ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები”, – აცხადებს მოხალისე ნამერ ულა.
ეს არის მესამე ძლიერი მიწისძვრა მას შემდეგ, რაც „თალიბანმა” 2021 წელს ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ქვეყანაში ისედაც უმძიმესი კრიზისია. მკვეთრად არის შემცირებული დახმარება და დაფინანსება, ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, ხოლო მილიონობით ლტოლვილს აიძულებენ ირანიდან და პაკისტანიდან ავღანეთში დაბრუნდნენ.
„თალიბანის” მთავრობამ, რომელსაც მხოლოდ რუსეთი აღიარებს, დახმარებისთვის უკვე მიმართა საერთაშორისო საზოგადოებასა და ჰუმანიტარულ სექტორს.