მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში მიწისძვრას სულ მცირე 800 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მიწისძვრას სულ მცირე 800 ადამიანი ემსხვერპლა

„თალიბანის” ცნობით, ძლიერ მიწისძვრას აღმოსავლეთ ავღანეთში პაკისტანის საზღვართან სულ მცირე 800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 2 500-ზე მეტი, განადგურებულია სოფლები.

მსხვერპლის ოდენობა მუდმივად იზრდება. „თალიბანი” აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არის სოფლები, სადაც შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ქუნარის პროვინციიდან გვაქვს მონაცემები დაახლოებით 800 დაღუპულისა და 2 500-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ინციდენტი მოხდა ნურგულის, სოკის, ვატაპურის, მაჰანგის, ჩაპდარას და სხვა რაიონებში. ერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ნურგულის რაიონის მაზა დარას სოფელზე ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები მსხვერპლის ან დაშავებულების რაოდენობის შესახებ. რაც შეეხება ნანგარჰარის პროვინციას – გვაქვს ინფორმაცია 12 დაღუპულისა და 255 დაჭრილის შესახებ, ადგილმდებარეობა დარ-ე-ნორის რაიონია.

ამჟამად არსებული მონაცემები ამგვარია, თუმცა ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება, და არის რაიონები, სადამდეც სამაშველო ჯგუფებმა რთული რელიეფის გამო ჯერ ვერ მიაღწიეს. ზოგიერთ ადგილამდე მხოლოდ ვერტმფრენით ვახერხებთ მისვლას, გზით კი ვერა. ასევე არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაღუპულებისა და დაჭრილების ამოყვანა ნანგრევებიდან, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადა „თალიბანის” სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

ადგილობრივები ნანგრევებში მოყოლილთა გამოსაყვანად დახმარებას ითხოვენ.

„ჩვენს სოფელში სახლების 95% განადგურებულია. ბევრი გარდაცვლილი და დაშავებული გვყავს. თითქმის ყველა ოჯახიდან ხუთიდან ათამდე ადამიანია დაშავებული. მუსლიმებო, ვინც ამას ისმენთ, ალაჰის გულისთვის დაგვეხმარეთ. სახლები დავკარგეთ. ჩვენთვის ყველანაირი დახმარება ღირებული იქნება…

თითქმის მთელი სოფელი დაინგრა. მიწისძვრა შუაღამეს მოხდა. ბავშვები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. დახმარება გვჭირდება. გვჭირდება ხალხი მოვიდეს და ნანგრევებში მოყოლილთა გამოყვანაში დაგვეხმაროს. ჩვენი ბავშვები, მოხუცები, ქალები ნანგრევების ქვეშ არიან. არავინ არის, ვინც მოვა და გარდაცვლილთა ცხედრებს ნანგრევებიდან ამოიყვანს”, – ამბობენ ადგილობრივები.

6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში კვირას, 31 აგვისტოს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. ეპიცენტრი ავღანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან, ჯალალაბადიდან, 27 კილომეტრით იყო დაშორებული.

ჯალალაბაიდი დიდი სავაჭრო ქალაქია. მას პაკისტანთან სიახლოვის გამო მნიშვნელოვანი როლი აქვს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს. შენობების უმეტესობა დაბალია და ძირითადად ბეტონისა და აგურისგან არის აშენებული. გარეუბნებში კი ნაგებობები ძირითადად ალიზისა თუ ხისგან არის აგებული და დაბალი ხარისხისაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend