„მოკლევადიანი მოგება ჩემს დღის წესრიგში არ დგას“ – ასე უთხრა ტროტილის ახალი ევროპული საწარმოს Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა იოაკიმ სიობლომმა „ევრონიუსს,“ როდესაც ევროპაში საბრძოლო მასალის წარმოების პრობლემებზე ისაუბრა.
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „დავიწყოთ იმით, რომ თქვენი კომპანია ფეთქებადი ნივთიერების – ტროტილის საწარმოს გახსნას აპირებს შვედეთში. მოდი იმ მაყურებელს, რომელიც შესაძლოა მაინცდამაინც ვერ ერკვეოდეს ასეთ საკითხში, ავუხსნათ, მაინც რა არის ტროტილი და რისთვის იყენებენ?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „აუცილებლად. ტროტილი ერთ-ერთი უძველესი ფეთქებადი ნივთიერებაა, რომელსაც სამხედრო დანიშნულებით იყენებენ და მისი სრული სახელია – ტრინიტროტოლუოლი. მას რამდენიმე კარგი თვისება აქვს: პირველი ის, რომ ნაკლებად მგრძნობიარეა და მისი შეხება შედარებით უსაფრთხოა; მისი წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული ადვილად იშოვება, რადგან საბოლოო ჯამში ეს ნივთიერება ადგილობრივი თავდაცვისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის გვჭირდება.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „ახლა უკვე ვიცით, რომ ფეთქებადი ნივთიერებები, მათ შორის ტროტილიც, ევროპაში დეფიციტშია. ევროპა არ აწარმოებს ამ პროდუქტს. როგორ გგონიათ, მაინც რა როლის შესრულება შეუძლია კომპანია „სვიდენ ბალისტიკსს“ Sweden Ballistics ევროპაში ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ყველაზე მარტივი მაჩვენებლები, რომელთა მოხმობაც შემიძლია არის საჯარო კვლევა, რომელიც ბრიტანეთის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოქვეყნა 2025 წლის მარტში და რომლის მიხედვითაც, რუსეთს შეუძლია წელიწადში 5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მომარაგება. აქედან სამნახევრ მილიონს თავად ამზადებულს, ხოლო დაახლოებით მილიონნახევარს რუსეთის მოკავშირეები აწვდიან. იგივე სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპის საწარმოო პოტენციალი, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, მაგრამ ამერიკის გარეშე – 720 ათასი ასეთი ჭურვია. გამოდის, რომ რუსეთის პოტენციალი ევროპისას 6-ჯერ აღემატება. ნატოს ბლოკის შემაკავებელი ფილოსოფიის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარეს გარკვეულწილად თანაბარი ძალები ჰქონდეთ, რათა ერთი არ დაესხას თავს მეორეს. და დრო გვაჩვენებს, რომ თუ ეს სხვაობა გაიზრდება, კონფლიქტის რისკიც მოიმატებს, თუკი არ გავთანაბრდებით.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „მაინც რამდენად არის ევროპა დამოკიდებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმოებულ ტროტილსა და სხვა ფეთქებად ნივთიერებებზე?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ევროპაში დღესდღეობით ტროტილის მხოლოდ ერთი საწარმოა – „ნიტროქემი“ (NitroChem) , რომელიც პოლონეთში მდებარეობს და რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო აკონტორლებს. ისინი ძალიან კარგად ართმევენ თავს საქმეს, მაგრამ ნამდვილად ვერ აწარმოებენ საკმარის სიმძლავრეებს. თუკი საბრძოლო მასალების საწარმოო ჯაჭვში ერთი საფეხურით მაღლა ავალთ, ვნახავთ, რომ საბრძოლო მასალის ძალიან ბევრი მწარმოებელი გვყავს: მათ შორის არის გაერთიანებული სამეფოს „ბი-ეი-ი“ BAE, საფრანგეთის „ნექსტერი“ Nexter და „კეი-ენ-დი-ესი“ KNDS, ასევე „რაინმეტალი“ Rheinmetal, „ნამო“ NAMMO და ა.შ. – ყველა ეს საწარმო ფეთქებად ნივთიერებებზეა დამოკიდებული, მაგრამ თავად არცერთი არ აწარმოებს მას. მშვიდობიანობოს დროს მათ შეეძლოთ პოლონეთის მიწოდების იმედად ყოფნა, მაგრამ ახლა აღარ ჰყოფნით და ამიტომ ამჟამად ევროპაში მოხმარებული ტროტილის ლომის წილი იმ ქვეყნებიდან შემოდის, რომლებიც ნატოს წვერები არ არიან. უმეტესად აღმოსავლეთ აზიიდან.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „და რამე რისკი ახლავს, თქვენი აზრით, იმ ფაქტს, რომ ევროპა მის ფარგლებს გარეთ არსებულ მწარმოებლებზეა დამოკიდებული?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „უამრავი. მარტო კოვიდის პანდემიის გახსენებაც საკმარისია ამისთვის. მაშინ გაერთიანებული სამეფო თავად აწარმოებდა ვაქცინას, მაგრამ მისი ექსპორტი აკრძალეს. პოლონეთში რომ მოხდეს რამე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც აკრძალავენ ტროტილის ექსპორტს. იგივე ეხება აზიის ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად მის ექსპორტს აწარმოებენ – მათ ახლომახლო რამე კონფლიქტი რომ დაიწყოს, ისინი ექსპროტს აკრძალავენ. ამ ყველაფერთან ერთად, აზიიდან ფეთქებადი ნივთიერება რომ ჩამოიტანო, უნდა შემოუარა სომალის ნახევარკუნძულს, რადგან სუეცის არხი დახურულია იემენში კონფლიქტისა და გემებზე თავდასხმების გამო. ასე რომ ამას ორი თვე სჭირდება, თუკი გემმა საერთოდ მიაღწია შენს პორტს. ყველაფერთან ერთად არსებობს პოლიტიკური რისკი, არ ხარ დარწმუნებული როგორი დღის წესრიგი ექნებათ იმ ქვეყნებს, რომლებშიც ტროტილს ყიდულობ.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „და თქვენ პირადად, როგორც ვხდვები, იმედი გაქვთ, რომ 2027 წლისთვის წარმოების სრულ პოტენციალზე ახვიდეთ. გვითხარით, როგორი შეიძლება იყოს თქვენი კომპანიის პოტენციალი და რა როლის შესრულება შეგიძლიათ ევროპაში ფეთქებადი ნივთიერებების წარმოების გაზრდის კუთხით?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ჩვენი გარემოს დაცვის ნებართვა 4500 მეტრული ტონის წარმოების საშუალებას გავძლევს, ხოლო ერთ საარტილერიო ჭურვს დაახლოებით 10 კილოგრამი სჭირდება. მარტივად რომ გამოვთვალოთ, დაახლოებით 400-450 ათასი ჭურვის წარმოება შეიძლება. ეს რუსულ პოტენციალზე ბევრად ნაკლებია, ჩვენ 10 ასეთი საწარმო გვჭირდება რუსეთის 5 მილიონი ჭურვის მარაგს რომ გავუთანაბრდეთ. მაგრამ ეს მაინც დიდი წვლილია.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „როგორც ვიცით, ახლა ევროპაში ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა „შეაიარაღე ევროპა“, რომლის ფარგლებშიც 2030 წლისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზება უნდა მოხდეს. რა წვლილს შეიტანს თქვენი კომპანია ამ გეგმაში? და დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი გაამართლებს და მდგომარეობიდან გამოიყვანს სექტორს, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიციის დეფიციტი იყო?“
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ძალიან ძნელია ამის წინასწარ თქმა, რადგან არავინ იცის, თუ როგორი იქნება მსოფლიო ხუთი წლის შემდეგ. რაც შეეხება ევროკავშირის „ევროპის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის“ ე.წ. „სეიფის“ SAFE დაფინანსებას, მასში უკვე ჩადებულია მოთხოვნა, რომ საჭირო კომპონენტების 65%-ის წარმოება ევროპაში უნდა მოხდეს. და ამ თვალსაზრისით, ნამდვილად გვიკავია ჩვენი ადგილი მთლიან სურათში. თავდაცვის ინდუსტრიას უზარმაზარი კომერციული და ფინანსური რისკის წინაშე აყენებენ, როდესაც წარმოების გაზრდას სთხოვენ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალებიდან და წევრი ქვეყნებიდან შესყიდვების მოთხოვნა არც ისე სწრაფად მოდის. ამიტომ მგონია, რომ ამჟამად რისკის ფაქტორი არ არის ოპტიმალური. ინდუსტრიას უამრავ რისკზე უხდება წასვლა, რაც ჩვენთვის, როგორც ახალი მოთამაშისთვის – სასარგებლოა, რადგან ჩვენ არც აქციონერები გვყავს რომ მათზე ვიზრუნოთ და არც აქციის ფასის განხილვა გვიწევს ყოველ კვარტალში. ჩემი ძირითადი საზრუნავი ის არის, რომ აღვკვეთოთ მომავალი კონფლქიტი, რაც შეეხება მოკლევადიან მოგებას, ის მაინცდამაინც არ გვადარდებს.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ინვესტიციების ასეთი ზრდა თავდაცვის სექტორში ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს დიდი კორპორაციებსა და ისეთ მეწარმეებს, როგორიც თქვენ ხართ. მაგრამ როგორ გგონიათ, ეს სარგებელი მთლიანად ეკონომიკაზე რამდენად გავრცელდება? შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ა.შ.?“
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „100%-ით. მე ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით ვუყურებ ამ მაჩვენებელს, მაგრამ წავიკითხე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წელიწადში 200 მილიარდ ევროს ხარჯავენ თავდაცვის მასალებზე. ამის 60%-ს ამერიკელი მწარმოებლებისაგნ ყიდულობენ. თუ ამ მასალებს ევროკავშირში დაამზადებენ, 10 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით. ასე რომ ნამდვილად კარგად გათვლილი შესაძლებლობა ახლავს თან ჩვენი უსაფრთხოების გაუმჯობესებას.“
მარედ-გვენ ჯონსი, ევრონიუსი: „თქვენი კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „სვიდენ ბალისტიკსი“ Sweden Ballistics ემსახურება ნატოს სიმტკიცის გაძლიერებას და სამხედრო კონფლიქტების პრევენციას იმით, რომ აწარმოებს თავდაცვის საშუალებებს, რის შესახებაც უკვე გვესაუბრეთ. შესაძლოა ვინმე შეგეკამათოთ, რომ ფეთქებადი ნივთიერებების მწარმოებელი ქარხნის იდეა მაინცდამაინც არ ესადაგება კონფლიქტების აღკვეთის იდეას. თქვენ როგორ უყურებთ ამას?
იოაკიმ სიობლომი, Sweden Ballistics-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ჩემი აზრით, ისტორიას უნდა გადავხედოთ. ნატო უკევ 75 წლისაა და ყველაზე წარმატებული პრევენციული ალიანსია მსოფლიო ისტორიაში. ნატოს წევრი არცერთი ქვეყანა არ დაუპყრია არავის მისი შექმნის დღიდან. ასე რომ იმის ალბათობა, რომ ამ საბრძოლო მასალებს გამოიყენებენ, მე ვიტყოდი, ძალიან მცირეა. და ამ ყველაფრის მიზანიც სწორედ ეს არის. კონფლიქტის წარმოშობის რისკი უფრო მაღალია, თუკი შენი სამხედრო საწარმოო პოტენციალი ჩამორჩება აგრესორისას. კიდევ ერთი მიზანი, რატომაც ვაკეთებ ამას ის არის, რომ თუ გლობალურ კრიზისებს გადახედავ, როგორებიცაა გარემოს დაცვა, კლიმატი, შიმშილი – არცერთი მათგანი არ გადაწყდება, თუ ომი იქნება. ამიტომ კლიმატზე ზრუნვის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ არ იყოს ომი. იმიტომ, რომ თუ ომი იქნება, აღარ დარჩება რამე რესურსი, რომ ამ დიდ პრობლემებს მოხმარდეს. ამიტომ ამ საკითხს ვუყურებ, როგორც ამოსავალ წერტილს. უნდა იყოს სტაბილურობა, რომ დიდი პრობლემები მოვაგვაროთ. თუმცა მაქვს ერთი ამბიციაც: მინდა ჩემი ბიზნესით მიღებული ნებისმიერი შემოსავალი მოვახმარო ჩვენი წინააღმდეგობის უნარის განმტკიცებას და კონფლიქტის პრევენციას. რაკი ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენს ახლოს კონფლიქტი მიმდინარეობს, ვისურვებდი, რომ მან არ გადმოინაცვლოს ჩვენს სახლშიც.“
ავტორები: ჰანა ბრაუნი და მარედ-გვენ ჯონსი