კატეგორიები

ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, შეხვედრა გაიმართება
8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, შეხვედრა გაიმართება.

ათწლეულების შემდეგ ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს დაკარგავს.

სამმხრივი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზეც გაავრცელა:

„მოუთმენლად ველი თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ისტორიული სამშვიდობო სამიტის მასპინძლობას. ეს ორი ერი მრავალი წლის განმავლობაში იყო ომში, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ახლა კი დასრულდება – „ტრამპის“ წყალობით. ჩემი ადმინისტრაცია დიდი ხანია ორივე მხარესთან თანამშრომლობს. პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურ ცერემონიაზე შემომიერთდებიან. აშშ, ასევე, ხელს მოაწერს ორმხრივ ხელშეკრულებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი. ძალიან ვამაყობ ამ მამაცი ლიდერებით, რომლებმაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმე გააკეთეს. ეს ისტორიული დღე იქნება სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-თვისა და მთელი მსოფლიოსთვის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

Reuters-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე.

როგორც ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი აცხადებენ, დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება კრემლისთვის იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფოკუსი დასავლეთისკენ ინაცვლებს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი და პარტნიორობის ახალი შეთანხმება
სხვა ამბები