მოსკოვი ერევანს ისევ ულტიმატუმის წინაშე აყენებს. ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთისგან მოითხოვს, ჩაატაროს რეფერენდუმი და აირჩიოს - ან შეინარჩუნოს ადგილი „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ ან არჩევანი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრების სასარგებლოდ.
კრემლი სამხრეთკავკასიურ ქვეყანას ამისთვის ვადას დეკემბრამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შესაბამისი ეკონომიკური შედეგებით“ ემუქრება, რაც გულისხმობს ჯერ კიდევ ახლო წარსულში, სტრატეგიული რეგიონული მოკავშირისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტას.
რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განმარტა, რომ ულტიმატუმის ვადის დაწესების მიზეზი არის ევრაზიული კავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრა.
მისივე თქმით, ამ შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პირველი პირები განიხილავენ სომხეთთან ამ გაერთიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების შეჩერების საკითხს.
მოსკოვის ულტიმატუმს მალევე უპასუხეს ერევნიდან.
სომხეთის მმართელი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატმა, სარგის ხანდანიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ევრაზიული კავშირის საქმიანობაში პოლიტიკურ და ფინანსურ კონტრიბუციას, ხოლო მსგავს საკითხებზე რეფერენდუმი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩატარდება.
გასული წლის გაზაფხულზე სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი პროცესის დაწყების შესახებ“, თუმცა ეს არ გულისხმობს პირდაპირ ევროინტეგრაციას, არამედ მიანიშნებს ერევნის მზაობაზე, მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სტრუქტურებსა და ზოგადად დასავლეთს, რაც გახდა კიდეც ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი.
ფაშინიანის მთავრობის ეს საგარეოპოლიტიკური ხედვები და ვექტორი საერთოდ არ ჯდება მოსკოვის სცენარსა და ინტერესებში, რაზეც ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის კრემლში მიღების დროსაც არაერთხელ მიანიშნა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ერევანს არ გამოუვა „ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა“ და მედიის თანდასწრებითაც, საჯაროდ დაემუქრა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთთან გაფორმებული ენერგოშეთანხმებების გადახედვით.
ამის მიუხედავად, სულ რამდენიმე კვირაში ერევანმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტსა და დასავლური ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების 50-მდე ლიდერს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა - ვოლოდიმირ ზელენსკის სტუმრობამ მოსკოვში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც კრემლმა დაიწყო „კიევის სცენარის“ შესაძლო გამეორების შესახებ.
ამას გარდა, ივნისის არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვება რუსულმა მხარემ ჯერაც ბოლომდე ვერ მიიღო და კენჭისყრის პროცესის სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა, რამაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მეტად დაძაბა.
