მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ 2008 წლის ომის დაწყებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს

„ქართული ოცნება“ 2008 წლის ომის დაწყებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს

საქართველოში რუსეთის ომის დაწყების მე-17 წლისთავი „ქართულმა ოცნებამ“ 8 აგვისტოს გაიხსენა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.

გმირთა საფლავებთან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 17 წლის წინანდელი მოვლენები შეაფასეს. აგვისტოს ომის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციები უცვლელი რჩება. სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ისინი იმდროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომელსაც თავად „სააკაშვილის რეჟიმს“ უწოდებენ. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ ნარატივს 2008 წლის ომის კონტექსტშიც დაემატა ე.წ. „დიფ სთეითი“ და საუბარი „გარე დაკვეთის“ შესრულების შესახებ.

„ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება…

იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში მას შემდეგ, რაც მაშინდელმა რეჟიმმა გაუფრთხილებლად მიიტანა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია. ისინი პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ახორციელებდნენ და ამისთვის შეტევით მოქმედებებს ახორციელებდნენ…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოებას გამოძიების დასკვნის ლოდინისკენ მოუწოდებს მიხეილ ყაველაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიების შედეგებით, როგორც თავად ამბობს, უფრო მეტს „განსაკუთრებით ახალგაზრდები გაიგებენ“. მისივე თქმით, 2008 წელს არაფერი გაკეთდა „ომის თავიდან ასარიდებლად“.

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ პატივისმცემელი ჩვენი ინსტიტუტების მიმართ. დაველოდოთ ბოლომდე გამოძიებას და ყველას როლი გამოჩნდება, ვინ, რა გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, მით უმეტეს, ახალგაზრდები, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რომ მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში იყო, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა გამოძიება დასრულდება, ექნებათ იმის საშუალება, რომ სიმართლე გაიგონ. ეს არის ჩვენი ვალდებულება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ სიმართლეს და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, თუ რა იყო რეალობა, რომელიც მაშინ ჩვენთან, საქართველოში სუფევდა…“ – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ქართველი ხალხის ღალატში“ ადანაშაულებს ყოფილ ხელისუფლებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ის მთავრობა, რომელიც ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.

„ჩვენ 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით მარიონეტული რეჟიმი გვყავდა. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგია აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ, ოკუპაციაზე საუბრობდნენ და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ და პატრიოტულ ხელისუფლებებს შორის…“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე „ისტორიული“ უწოდა პარტიის ინიციატივით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა:

„კომისიის მიზანია ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა“.

ომის წლისთავს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, განცხადებაში დიპლომატიურმა უწყებამ რამდენჯერმე ახსენა რუსეთი და კრემლის მხრიდან საქართველოზე მიტანილი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და აღარ დააბრკოლოს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი:

„17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.

ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად“, – ეს არის ნაწყვეტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან.

ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. რიგ პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მმართველი პარტიის ოპონენტები თვლიან, რომ ომის პროვოცირებასა და დაწყებაში ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ტოლფასია. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს მოემსახურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend