კატეგორიები

ოფიციალური უწყებები აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით

ოფიციალური უწყებები აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანება.

“17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. 17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრელებულ განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიც.

როგორც უწყება აღნიშნავს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. მათივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებში და ადგილზე არსებული მძიმე უფლებრივი, უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას.

“დეოკუპაციასთან ერთად, ძალისხმევა მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობისკენ, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ“,  – ნათქვამია აპარატის განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები