კავკასიელი ლიდერების შეხვედრამ კრემლის დარბაზებიდან თეთრი სახლის მთავარ კაბინეტში გადაინაცვლა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები უკვე ვაშინგტონში არიან და ისტორიული დოკუმენტის ხელმოსაწერად ემზადებიან. აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით ახალშერიგებული სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ განცხადებას, რომელშიც ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი მშვიდობის მიღწევის მზაობას ოფიციალურად დაადასტურებენ. ეს უშუალოდ სამშვიდობო შეთანხმება არაა, მაგრამ მისკენ გადადგმული პირველი ფორმალური ნაბიჯია. ამ პროცესში ვაშინგტონს თავისი როლი ექნება.
„ამ შეხვედრაზე გაცილებით დიდი აქცენტი გაკეთდება საგზაო და სარკინიგზო ტრანზიტულ გზაზე – სომხეთის სამხრეთ რეგიონის გავლით. სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა და კარგადაც დასრულდა, მაგრამ თავად სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ამწუთას არ ველოდებით. არის მოლოდინი, რომ ვაშინგტონში ხელი მოეწერება სხვა დოკუმენტებსაც. ერთი – ესაა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და თითოეულ ამ ქვეყანას შორის, მეორით კი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები დააინიციირებენ არსებული სამშვიდობო შეთანხმების სამუშაო ვერსიას. ეს კი ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა წინ, თუმცა ესაა ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ველით, რომ მოლაპარაკებები მიგვიყვანს შეთანხმებამდე, რომელიც კომპრომისებსა და დათმობებს ეფუძნება ორივეს მხრიდან.
სომხური მხარისთვის, შეთანხმება აღარაა სომხეთის სუვერენული ტერიტორიისთვის საფრთხე და მეტად ეხება სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს, თავისი საგზაო და სარკინიგზო კავშირებითა და აშშ-ის კერძო ჩართულობით. ეს კი კარგი გზაა იზოლაციის თავიდან ასარიდებლად. აზერბაიჯანისთვის კი, რომელიც მოითხოვდა დათმობებს, ესაა მეტი დიპლომატიურობის გამოვლენა და არააგრესიული რიტორიკა, რომელიც ბაქოდან აქამდე ისმოდა. ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი მდგომარეობაა – ასევე მნიშვნელოვანია რეგიონისთვისაც, კერძოდ, ათწლეულების იზოლაციისა და სტრატეგიული უმნიშვნელობის აღმოფხვრისთვის. ჩვენ ველით, რომ სარგებელი აქ მეტი იქნება ერევნისა და ბაქოსთვის და ნაკლები ვაშინგტონისთვის”, – აღნიშნა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას „რეგიონული კვლევების ცენტრის” დამფუძნებელმა, რიჩარდ გიროგოსიანმა.
პრაქტიკული გაგებით შესაძლოა, თუმცა დონალდ ტრამპს დიდი ხანია თვალი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უჭირავს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დასრულების დაპირება ჯერ ვერ შეასრულა, ყურადღება მსოფლიოს სხვა კონფლიქტებზე გადაიტანა და არც თუ მცირე წარმატებით. რიგი კავკასიაზე დადგა. ტრამპს სურს რეგიონში ახალი სატრანსპორტო პოტენციალის განბლოკვა და სტრატეგიულ მარშრუტებზე კონტროლი. მეტიც არსებობს სურვილი, რომ ზანგეზურის კორიდორს TRIPP დაერქვას, მისსავე ენაზე „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”. მედიაში აქტიურად წერენ, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეული კომპრომისის თანახმად, აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ანუ ნახიჩევანს შორის გზა გაიხსნება, რომელიც სომხეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას გაივლის, თუმცა ამერიკული ზედამხედველობით. კერძოდ, ამ გზაზე გამავალ ტვირთებს ამერიკული კერძო კომპანია დაამონიტორინგებს.
თუმცა საგულისხმოა, რომ აშშ-ის ჩართულობამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი კონფლიქტის გადაჭრა თავადვე შეძლეს. აბუ-დაბიში სულ ახლახან გამართეს პირველი შეხვედრა შუამავლის გარეშე, რაც დიდ გარღვევად შეფასდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მათ კონფლიქტში რუსეთმა ერთადერთი არბიტრის როლი საბოლოოდ დაკარგა, კავკასიაში კი ახალი რეალიები გაჩნდა. რაში სჭირდებათ მხარეებს ახალი შუამავალი უკვე თითქმის გადაწყვეტილ კონფლიქტში?
„ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონის შეხვედრა უფრო მეტად ეხება პრეზიდენტი ტრამპის ეგოს, ვიდრე თავად სომხეთსა და აზერბაიჯანს. ვიტყოდი, რომ ვაშინგტონის ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ყურადღების გამფანტველიც. აბუ-დაბიში იყო ორმხრივი შეხვედრა, ვაშინგტონში მათი შეხვედრა კი უფრო მეტად აღიქმება ორი ლიდერის მოლაპარაკებად და ნაკლებად წარმოაჩენს აშშ-ს მომლაპარაკებლის როლში. რეალურად ნამდვილი სამუშაო გაგრძელდება ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონის გარეშე.
რუსეთის გაძევება მისასალმებელი განვითარებაა, თუმცა სამწუხაროდ პროცესში არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ იქნებიან ჩართული. ეს უფრო ორმხრივი სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებებია. რუსეთი გადაღლილია უკრაინაში წარუმატებელი შეჭრით და ველი, რომ ეცდება მისი დაკარგული ძალაუფლების აღდგენას რეგიონში, მაგრამ გვიანია. ამის მაგალითია სომხეთის მიერ იმის აღიარება, რომ რუსეთი საშიშად არასაიმედო მხარეა, ასევე შემოდის სომხეთში ევროკავშირის ჩართულობის ფაქტორიც. ვთვლი, რომ შტორმი ჰორიზონტზეა, ჩვენ ვნახავთ გაბრაზებულ რუსეთს, რომელიც ყველა მეზობლებს ესხმის თავს, მაგრამ ეს იქნება დაუცველობის ნიშანი და არა ძალის, მისი თავდაუჯერებლობა და არა სიმტკიცე“, – ამბობს მკვლევარი.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი საქართველოს აქვს, რომლის ტერიტორიების 20%-ც კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. საქართველოში ფაშინიანი-ალიევის თეთრ სახლში შეხვედრის პერსპექტივებმა ბევრს გაუჩინა განცდა, რომ თბილისი მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მიღმა რჩება. მათ შორისაა რეგიონული კვლევების ცენტრის დამფუძნებელი რიჩარდ გიროგოსიანიც.
„მე ვიზიარებ ამ ხედვას, ვფიქრობ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა ბევრ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას ითვლის. რეალური გამოწვევა და საფრთხე საქართველოსთვის ისაა, რომ არ გამოირიცხოს რეგიონული პერსპექტივის იდეიდან, რომელიც სავაჭრო გზების აღდგენასა და დახურული საზღვრების გახსნას გულისხმობდა. მეორე გამოწვევა კი საქართველოსთვის სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტრადიციულ როლს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. საქართველოს სარგებელი ამ პროცესიდან ნათელია. რაც მან უნდა გააკეთოს ისაა, რომ დასავლეთს დაუბრუნდეს, აღადგინოს მასთან კავშირი და მოუსმინოს მოსახლეობას. ამ მიმართულებით გამოწვევა საქართველოსთვის ისაა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს დგას, რაც იზოლირებას უქადის, მაგრამ საქართველოს აქვს რეგიონული იდენტობა. კავკასიის ეს სამი ქვეყანა მეზობლებს არ ირჩევს, მაგრამ საერთო მომავალი აქვთ”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მთიანი ყარაბაღის ირგვლივ თითქმის ოთხი ათწლეულის კონფლიქტი შერიგებით სრულდება. ბაქოსა და ერევანში ამბობენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი და პრინციპები უკვე შეთანხმებულია, თუმცა მის ხელმოწერამდე სომხეთმა ბაქოს მოთხოვნა უნდა შეასრულოს და კონსტიტუცია შეცვალოს, რომელშიც ყარაბაღის მიმართ პრეტენზიები ჯერ ისევ რჩება. ამაზე ერევნის თანხმობაც არსებობს.
