26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთში იმყოფებოდა. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მარკო რუბიოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა, რომელთანაც რამდენიმესაათიანი საუბარი დასრულდა ორ სახელმწიფოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებით.
ერევანსა და ვაშინგტონს შორის ხელი მოეწერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებებს, რითაც ახალ ეტაპზე გადავიდა ხელშეკრულება სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ - სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიური რეგიონის კავშირს ქვეყნის ძირითად ტერიტორიამდე, სომხეთის გავლით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯია და წარმოადგენს მშვიდობისკენ მიმავალ გზას სომხეთისა და რეგიონისთვის.
„ეს არის შესაძლებლობა, დავსახოთ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკასა და სომხეთს შორის და შევქმნათ პარტნიორობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი გზა როგორც სომეხი ერისთვის, ისე ამერიკელებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, საფუძველს ვუყრით იმგვარ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას მისცემს სომეხ ხალხს გამოიმუშავოს ფული და ჰქონდეს კეთილდღეობა, ისევე როგორც ამერიკელებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებს შორის მარკო რუბიო მეორეა, ვინც სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია - მიმდინარე წლის თებერვალში ერევანში იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, რა დროსაც ის ბაქოსაც ეწვია.
თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დადებითად შეაფასა სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა, ქვეყნის დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების გზაზე, ასევე რეგიონში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რადგან მისი მმართველობის პირობებში ერევანსა და ბაქოს შორის საბოლოოდ დაისადგურა მშვიდობამ, მრავალწლიანი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტის შემდეგ.
