ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს უკრაინისთვის და მინსკს არ სურს კიევის წინააღმდეგ მოსკოვის ომში ჩართვა.
ალექსანდრ ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ „თუკი შესაბამისი პირების ნება იქნება“, ნებისმიერი ომი, შესაძლოა, „მიმდინარე წელსვე დასრულდეს“.
უკრაინის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დასრულების ერთადერთ გზად ლუკაშენკას არსებული მდგომარეობის გაანალიზებითა და დიპლომატიით ესახება, თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტი არ ეთანხმება შუამავლების იდეას. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ კიევი, მოსკოვი და მინსკი ისხდნენ, რომლებიც განიხილავენ მათ შორის არსებულ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებს.
„შეთანხმება წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიმღები ორივე მხარე გონებაში გაანალიზებს ყველა ომს და ადამიანურ მსხვერპლს. თუკი სამხედრო მოქმედებებში ჩართული პირებისა და ამის მხარდამჭერების გონებაში ეს ყველაფერი დაეწყობა, რომ უკვე ჩიხია და შემდეგ უფრო მეტი ესკალაცია, მეტად რთული მდგომარეობა იქნება, მაშ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება…“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ფრონტზე უპირატესობა რუსულ არმიას აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი წარმატებას მხოლოდ იმ დროს აღწევენ, როდესაც რუსეთის სიღრმეებში მდებარე ობიექტებზე მიაქვთ იერიშები.
„უკვე მეხუთე წელია, რაც ომი მიმდინარეობს და მიზანს ვერავინ ვერ მიაღწია, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ბრძოლის ველზე რუსები უფრო წარმატებული არიან და წინ მიიწევენ.
თუკი რუსებისთვის შესაძლებელი გახდება დონეცკის ოლქის გათავისუფლება ან დაპყრობა, როგორც ისინი უწოდებენ, იმ დიდი აგლომერაციის, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან, უკრაინელ სამხედროთა დღეები დათვლილი იქნება, რადგან მათი შეიარაღებული შენაერთების ძირითადი ნაწილი დონეცკის ოლქის სწორედ ამ ნაწილშია განლაგებული.
უკრაინელებს ეს ძალიან კარგად ესმით, მათ არ ჰყოფნით ადამიანები, იარაღიც ასე თუ ისე, თუმცა დრონებით ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. მაგრამ, რუსებმაც ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს თავიანთი უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლით.
უკრაინას დარტყმები მიაქვს რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამრეწველო ობიექტებზე, მთელ რუსეთზე, ურალის ჩათვლით. ახლა ასეთი ვითარებაა, თუმცა რუსები ფრონტზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მიიწევენ წინ. ნელა, თუმცა მიიწევენ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუსას, ალექსანდრ ლუკაშენკამ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა მისდამი ხისტი განცხადებების გამო და განმარტა, რომ ეს უბრალოდ იყო პასუხი მინსკის მისამართით კიევიდან გაჟღერებულ მუქარებზე.
„რაც შეეხება ზელენსკის კრიტიკას - შესაძლოა, სადღაც გადავაჭარბე კიდეც, მაგრამ ეს იყო პასუხი მის უადგილო განცხადებებზე, რომ აქვთ 500 სამიზნე, რომ იციან სად იმყოფება ლუკაშენკა, რომ დაარტყამენ რაკეტებითა და დრონებით და ა.შ.
მე ჩუმად ვიყავი, რაც ყველას უკვირდა. მესმოდა, ადამიანი ამხელა წნეხის ქვეშ არის, ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანი, რომელიც არ არის სამხედრო, თუმცა როდესაც ჩემდამი მუქარა დაიწყო, იძულებული ვიყავი, პასუხი გამეცა. თუკი მას ეწყინა, ამ სიტყვებისთვის ბოდიშს ვუხდი.
იმის გათვალისწინებით, რომ ის ომშია, შესაძლოა, ასე ხისტად არ უნდა მესაუბრა ამის შესახებ, თუმცა, მეორე მხრივ, მას უნდა ესმოდეს და მეტად ფრთხილი იყოს“, - თქვა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
მაისში, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შერჩეულია „500 პოტენციური სამიზნე“, რომლებსაც კიევი მხოლოდ მის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაარტყამს.
მანვე თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკასადმი აქვს „მარტივი და პრაქტიკული რჩევა: ყელში ნუ გაეჩხირება უკრაინას“.
მინსკისა და მოსკოვის ბოლოდროინდელი, ერთობლივი სამხედრო წვრთნების გათვალისწინებით, რა პროცესშიც ჩართული იყო ბირთვული შეიარაღებაც, კიევში სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსი მართლაც აპირებს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირდაპირი სამხედრო გზით დაუჭიროს მხარი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში.
