მოსკოვსა და ერევანს შორის დიპლომატიური უფსკრული ღრმავდება. ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა სომხეთი, რომ კავკასიურმა ქვეყანამ, შესაძლოა, ყველა ის პრივილეგია დაკარგოს, რომლითაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სარგებლობს.
სერგეი ლავროვის მტკიცებით, სომხეთი ცდილობს არჩევანი გააკეთოს ბრიუსელზე, რომლის პოლიტიკა „ღიად აგრესიული და რუსოფობიურია“.
„სომხეთთან ძალიან ახლო და მოკავშირეობრივი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა, ამავდროულად, არც ისე მარტივი იმის გათვალისწინებით, როგორც ცდილობს დასავლეთი სომხეთის დაქვემდებარებას, დსთ-ს ზოგიერთ სხვა წევრ ქვეყანასთან ერთად, ასევე გაწყვიტოს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და საინვესტიციო ხელშეკრულებები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოებს შორის. პირველ აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა, კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიღებისას ამის შესახებ ღიად ისაუბრა.
მანვე თქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სომეხი მეგობრების არჩევანს, თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ევრაზიური ეკონომიკური კავშირების ფარგლებში არსებული პირობები ვერ შენარჩუნდება, თუკი სომხეთი ევროკავშირის გზას დაადგება, როგორც ეს არაერთხელ გაცხადდა უმაღლეს დონეზე...
ამასთან, იმის გათვალისწინებით, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელსა და ჩვენს სერბ მეგობრებს შორის, ვხედავთ, რომ ერთ-ერთი პირობა, ვისაც სურს ბლოკის წევრობა, არის მათ საგარეო საქმიანობასთან სრული შეერთება. ამ საგარეოპოლიტიკური საქმიანობის არსი კი ამ ეტაპზე არის ღია, ხისტი და აგრესიული რუსოფობია. ვფიქრობ, ჩვენი სომეხი კოლეგები ამის შესახებ ინფორმირებული არიან და გაითვალისწინებენ ამ საკითხს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან ორ სტრატეგიულ მოკავშირეს შორის ურთიერთობებში ახლა არც ისე მარტივი პერიოდი დგას. ნიკოლ ფაშიანიანის მმართველობის პირობებში, ერევანმა გადაწყვიტა, გადაეხედა თავისი საგარეო კურსისთვის, რასაც ყარაბაღის ბოლო ომში კრემლის უმოქმედობამ შეუწყო ხელი.
ეს კი მაშინ, როცა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში, მოსკოვს ჰქონდა მოკავშირე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების ვალდებულება.
ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურდა, სომხეთი გამხდარიყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ბლოკის წევრობის პროცესისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას.
მოსკოვში სომხეთის ლიდერს არაერთხელ მიანიშნეს, რომ ორ სკამზე ჯდომა არ გამოვიდოდა. ამავე შინაარსით ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა ვლადიმერ პუტინი.
კრემლში მიღებისას, მხარეთა შორის დიალოგი გადაკრული სიტყვებით წარიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერევანს, საგარეო კურსთან დაკავშირებით, არჩევანის გაკეთება მოუწევს, რაზეც ფაშინიანისგან პასუხად მიიღო, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.
ერევანმა მოსკოვს ერთგვარი გამოცდა მოუწყო 4-5 მაისს „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის ჩატარებით, სადაც მსოფლიოს 50-მდე ლიდერი ჩავიდა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საუბარი კი დაეთმო რუსული აგრესიისგან ევროპული კონტინენტის დაცვას, რაც კრემლში ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი რთულად წარმოედგინათ.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი არ გეგმავს, მონაწილეობის მიღებას ყაზახეთში, მაისის ბოლოს გასამართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორუმში, რაც სომხეთის პრემიერმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით ახსნა.
