დღეს, 8 აგვისტოს, ძალაში შევიდა ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტი (EMFA) – ბლოკის პირველი რეგულაცია, რომელიც პრესას ეხება.
კანონის მიზანია, ჟურნალისტები უკეთ იყვნენ დაცული და გაუმჯობესდეს გამჭვირვალობის სტანდარტი, როცა საქმე მედიის ფლობას ეხება.
ამასთან, კანონი მიზნად ისახავს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენების შეზღუდვას, სახელმწიფო რეკლამის გამჭვირვალობის ზრდასა და მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ახალი წესები ზრდის ჟურნალისტებისა და მათი წყაროების დაცვის დონესაც.
კანონი ევროკომისიამ შეიმუშავა. ევროპარლამენტმა მას მხარი 2024 წელს დაუჭირა.
„ევროპული მედიის თავისუფლების აქტის ამოქმედებით მედია და ჟურნალისტები ევროკავშირის მასშტაბით უპრეცედენტო დაცვას იღებენ, ხოლო მოქალაქეებს შეეძლებათ ენდონ სიახლეებს, რომლებიც დაფუძნებულია ფაქტებზე და არა ბიზნესისა თუ პოლიტიკურ ინტერესებზე“, – განაცხადა მაიკლ მაკგრატმა, ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.
„EMFA-ს ამოქმედება გადამწყვეტი ეტაპია პრესის თავისუფლებისთვის ევროკავშირში. მაგრამ მისი რეალური ღირებულება ქმედებებით განისაზღვრება და არა სიტყვებით“, – ამბობს საბინე ვეიენი, გერმანელი დეპუტატი ევროპული სახალხო პარტიიდან (EPP). იგი ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც კანონის აღსრულებას აკვირდება.
„ახლა იწყება რეალური სამუშაო: იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ სრულად და კეთილსინდისიერად განახორციელოს EMFA. მედიის თავისუფლება განხილვას არ ექვემდებარება – ის ჩვენი დემოკრატიის ხერხემალია“, – დასძინა ვეიენმა.
ევროკავშირის ბოლო წლების ანგარიშებში გამოკვეთილია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მხრივ არსებული პრობლემები – უკუსვლა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. განსაკუთრებით კი, უნგრეთში, პოლონეთსა და საბერძნეთში.
ახალი წესების მიხედვით, მთავრობებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ანუ მაშინ შეეძლებათ, როცა ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება საფრთხე.
