თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული მუსიკოსის, დავით ხომერიკის, სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ, 8 აგვისტოს, სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე დავით ხომერიკის გამართლება იქნება.
საბოლოო სიტყვისთვის მზად იყო თავად ბრალდებულიც, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა 15 აგვისტოს ჩანიშნა. სწორედ 15 აგვისტოს ისარგებლებს ბრალდებული საბოლოო სიტყვის უფლებით. ამის შემდეგ კი, სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურის თანახმად, დაკავებისას მას აღმოუჩინეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობები, რომლებიც გამოყენებისთვის იყო მომზადებული. თუ ნინო გალუსტაშვილი დავით ხომერიკს დამნაშავედ ცნობს, მას 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
