მთავარისაქართველომორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

მორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღეს, 21 ივლისს, განხილვა კვლავ ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდა.

დაიკითხა მოწმე გიორგი ჩხეიძე – გამომძიებელი, რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 5 დეკემბერს „პირადი კონტაქტისგან” მიიღო ინფორმაცია, რომ ბრალდებულები: სერგეი კუხარჩუკი, რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი და გიორგი ტერიშვილი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ.

მოწმის გამოკითხვას დარბაზში შელაპარაკება მოჰყვა – ბრალდებულებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მოწმე ჩვენების მისაცემად სასამართლოში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა. საბოლოოდ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებული გიორგი ტერიშვილი სხდომიდან გააძევა.

მანამდე კი, მხარეთა კითხვებს უპასუხა პოლიციელმა ალექსანდრე გაფრინდაშვილმაც. მისი ჩვენების თანახმად, 2024 წლის 5 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ტერიშვილი ძალადობდა და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში იყო ატვირთული.

ადვოკატის კითხვას, ჩანს თუ არა კადრში, რომ გიორგი ტერიშვილის მიერ ნასროლი ნივთი ვინმეს ხვდება, პოლიციელმა უპასუხა, რომ არ ჩანს.

სხდომაზე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც – ნივთები, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულთა ჩხრეკისას ამოიღეს – უმეტესად, როგორებიცაა, მაგალითად, აირწინაღი, საწვიმარი, ევროკავშირის დროშა…

ამ საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend