სირიის დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ქვეყნის სამხრეთში, დრუზებით დასახლებულ რეგიონში, მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა. სირიის დროებითმა პრეზიდენტმა დაგმო ისრაელის ქმედებები და სირიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ, ამ მიწის შვილები, საუკეთესოდ ვართ აღჭურვილი, რათა დავძლიოთ ისრაელის ყველა მცდელობა, დაანგრიოს ჩვენი ერთობა. ძალიან მტკიცედ ვართ, რათა ხელოვნური დაპირისპირება არ გაღრმავდეს. კარგად ვიცით, ვინ ცდილობს ჩვენს ომში ჩათრევას და ვინ ისახავს მიზნად ჩვენს გახლეჩას. არ მივცემთ მათ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხალხი ომში ჩაითრიონ. ომში, რომლის გაჩაღებაც ჩვენს მიწაზე სურთ და რომლის ერთადერთი მიზანი სირიის დაშლა და ჩვენი ძალისხმევის ქაოსით გადაფარვაა. სირია არაა უცხოური შეთქმულებების გამოსაცდელი ადგილი და არც ადგილი, სადაც სხვების ამბიციები ჩვენი შვილებისა და დედების სისხლის ხარჯზე დაკმაყოფილდება”, – აცხადებს სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.
აჰმედ ალ-შარაამ აღნიშნა, რომ დრუზებით დასახლებული რეგიონი სირიის განუყოფელი ნაწილია და არ დაუშვებს სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერებას ქვეყანაში.
„განსაკუთრებით მივმართავ ჩვენს დრუზ ძმებს, რომლებიც ამ ერის განუყოფელი ნაწილი არიან. სირია აღარასოდეს იქნება განხეთქილების, დაყოფის ან რელიგიური დაპირისპირების ადგილი. ვადასტურებთ, რომ თქვენი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ მცდელობას, საგარეოს თუ საშინაოს, შემოიტანონ განხეთქილება ჩვენს რიგებში”, – აცხადებს სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.
სირიის დროებითმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამჯერად ირჩევს დიპლომატიის გზას და სურვილი აქვს, დრუზების ლიდერები საღ აზრზე დააბრუნონ, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სირიას ისრაელთან ომის არ ეშინია.
„ორი არჩევანის წინაშე დავდექით – ისრაელთან ღია ომი ჩვენი დრუზული თემისა და სირიის სტაბილურობის ხარჯზე, ან დრუზი ლიდერებისა და უხუცესების საღ აზრზე დაბრუნება და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტად ქცევა. ჩვენ ომის არ გვეშინია – მთელი ცხოვრება გამოწვევებსა და ხალხის დაცვაში გავატარეთ. თუმცა ქაოსსა და ნგრევას სირიის ინტერესების დაცვის გზა ვარჩიეთ”, – აცხადებს სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა.
16 ივლისს ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბა და დრუზებით დასახლებული რეგიონებიდან სირიის სამთავრობო ძალების გასვლა მოითხოვა.
ამავე ამბავზე: