კატეგორიები

ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს

ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს
სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად გამოუტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი.

გადაწყვეტილება გამოტანილია დიქტატორი ლიდერის მიერ „ომის დანაშაულებისა“ და „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის“ სირიის რესპუბლიკაში 14-წლიანი სამოქალაქო ომის დროს, რის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მილიონობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, მშობლიური დასახლებები დაეტოვებინა.

ამავე საქმის განხილვის ფარგლებში, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს ბაშარ ალ-ასადის უმცროს ძმა მახერსა და მის ბიძაშვილს, ატეფ ნაჯიბას, რომელიც საკუთარ პროცესს ესწრებოდა.

ატეფ ნაჯიბა ბრალდებულად ცნეს სირიის სამხრეთით მდებარე, დარაას პროვინციაში 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის ორგანიზებაში, რამაც აჯანყებების სერია და საბოლოოდ, სამოქალაქო ომი გამოიწვია.

ამჟამად რუსეთში მყოფი სირიის ექსპრეზიდენტი 2024 წლის დეკემბერში, სახელმწიფო გადატრიალებისას ჩამოაშორეს ძალაუფლებას, მისი მმართველობის დროს მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის“ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დაიწყო მათი საჯაროდ განხილვა.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დამასკოში პოლიტიკური ცვლილებები. აჰმედ ალ-შარაა, რომელიც ახლა სირიის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, დასავლეთთანაც ცდილობს მჭიდრო კავშირების აღდგენას და არც მოსკოვთან ამბობს უარს თანამშრომლობაზე.

ევროკავშირმა ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების აღდგენაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სანქციების მოხსნაზეც. ამასთან, როგორც ივლისის ბოლოსთვის ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით გაირკვა, ევრობლოკი მზადაა სირიის პარლამენთან იმუშაოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზეც.

კრემლის სასარგებლოდ ეს ნაბიჯი სწორედ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს გადაიდგა.

9 აგვისტოს, მოსკოვმა და დამასკომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების რეორგანიზაციის შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი სირიას გადასცემს სამოქალაქო ობიექტების მართვას - მათ შორის ჰმეიმიმის აეროპორტს და ტარტუსის პორტის ოთხ კომერციულ ტერმინალს.

გეგმის თანახმად, ისინი თანდათან უნდა შეერწყას ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

რუსეთის სამხედრო ბაზებს და სხვა სამხედრო ობიექტებს პროფილი უნდა შეეცვალოს და გადაკეთდეს რუსეთ-სირიის ერთობლივ სასწავლო და საწვრთნელ ცენტრებად, რომლებიც იმოქმედებს ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მემორანდუმის თანახმად, პროცესი სამ თვეში უნდა წარიმართოს.

დაკავშირებული ამბები
ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს გაეროს ხელმძღვანელი სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს