კატეგორიები

გაეროს ხელმძღვანელი სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს

გაეროს ხელმძღვანელი სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 26 ივლისს, სირიაში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის მოხსნა მოითხოვა.

ვიზიტის დროს გუტერეში შეხვდა მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ასევე ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე განლაგებულ გაეროს სამშვიდობო ძალებს.

„ჩვენი დღის წესრიგია სირიელი ხალხის კეთილდღეობა ამ გარდამავალ პერიოდში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის მნიშვნელობას. მინდა გავიმეორო, რომ სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მკაცრად ვგმობ ისრაელის მიერ 1974 წლის შეთანხმების მუდმივ დარღვევას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ გოლანის მაღლობები სირიის ტერიტორიაა.“ - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

მან ასევე მოინახულა დედაქალაქთან ახლოს მდებარე სედნაიას ციხე, რომელიც სირიის დიდი ხნის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის დროს სისასტიკით ცნობილი  დაწესებულება იყო.

სირიის ახალი ხელისუფლება, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში ალ-ასადის რეჟიმი დაამხო, ცდილობს, 13 წელზე მეტი ხნის ომის შემდეგ ახალი გვერდის დაწყებას, ეკონომიკის გადატვირთვასა და ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების აღდგენას.

დასავლეთის ქვეყნებმა სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადეს, თუმცა ინვესტორები მაინც ფრთხილობენ. მსოფლიო ბანკში კი ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 190 მილიარდ ევროს მიაღწევს.

გუტერეშმა ქვეყნის აღსადგენად და ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების ხელშესაწყობად საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გაეროს მონაცემებით, ალ-ასადის დამხობის შემდეგ სირიაში დაახლოებით მილიონ 700 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით დაახლოებით 5 მილიონ 500 ათასი ადამიანი, საზღვარგარეთ კი ექვსი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

დაკავშირებული ამბები
გაეროს ხელმძღვანელი სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს სირიის ახლადარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა