მთავარისაქართველომორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

მორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

ფოტო არქივიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების სამი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ნუგზარ მირიანაშვილი.

მოწმემ, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, სხდომაზე თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები „პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს” ისროდნენ, რის შედეგადაც დაშავდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. საქმეში სხვა მოწმეების მსგავსად, მანაც თქვა, რომ არ იცის კონკრეტულად ვინ დააზიანა – მისი თქმით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ დემონსტრანტი, რომელმაც დააშავა, ამ საქმეზე ბრალდებულთა შორისაა.

სხდომაზე გამოიკითხა მოწმე თამარ ჭანტურაიაც – იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მან სხდომაზე თქვა, რომ აქციებისას, კონკრეტულად კი, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, მის სამსახურს დემონსტრანტებისგან 62 785-ლარიანი ზარალი მიადგა.

თამარ ჭანტურაიას თქმით, კონკრეტულ პირებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თანამშრომლები მიუთითებენ, რომ ქონება აქციის მონაწილეებმა დააზიანეს.

მხარეთა კითხვებს უპასუხა მოწმე ირაკლი გველესიანმაც. იგი პოლიციელია და საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ სასამართლომ რამდენიმე ვიდეომტკიცებულება გამოიკვლია, მათ შორის იყო რევაზ კიკნაძის ვიდეოჩანაწერიც.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო მედიამ პროცესი კვლავ ვერ გადაიღო.

პროცესის დაწყებისთანავე ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ მან სასამართლოს მიმართა განცხადებით, უზრუნველყოს პროცესების გადაღება, თუმცა პასუხი არ მიუღია. არ მიუღია იმის დასტურიც, რომ განცხადება მიღებულია.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend