რას ნიშნავს მოკავშირეების ისტორიული შეთანხმება, ე.წ. „კვანტური ნახტომი” ტრანსატლანტიკურ თავდაცვაში?
გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლისთვის ნატოს ქვეყნები იმუშავებენ იმაზე, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანაწარმოება გაზარდონ, შეისყიდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, აწარმოონ მეტი ტანკი, დრონები თუ სამხედრო აღჭურვილობა. ეს იმიტომ რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს კონტინენტზე სერიოზულად აღიქვამენ და ელიან, რომ უკრაინასთან ომში გადაღლილი რუსეთი, 3-5 წელიწადში პრობლემებს ევროპას ახალი ამბიციებით შეუქმნის.
„ამ ისტორიულ სამიტზე მოკავშირეები შევთანხმდით, რომ მომდევნო წლებისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 5%-მდე გავზრდით. დავადასტურეთ, რომ ერთმანეთის გვერდში ვიდგებით, თუ ერთ-ერთ ჩვენგანს თავს დაესხმებიან. ეს კი ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეების მიმართ მკაფიო გზავნილია. ეს ერთობის გზავნილია. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გზა, რომელიც ავირჩიეთ, სწორი გზაა. ვიცით, რუსეთი არასაკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ნატოს თავს დაესხას, მაგრამ არ ვიცით, ერთ დღესაც გამოცდის თუ არა ის ჩვენს თავდაცვით მზაობას. ჩვენ ერთობლივად დავხარჯავთ მშპ-ს 3.5%-ს თავდაცვაზე, ეს იქნება ეფექტური შეკავება. მოგეხსენებათ 1.5% კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის განვსაზღვრეთ”, – აღნიშნა სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ჰააგის თავდაცვის ინვესტიციის გეგმის თანახმად, მოკავშირეები საერთო უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 5%-ს შემდეგნაირად გადაანაწილებენ, საერთო ბიუჯეტის 3.5% თავდაცვის ძირითად საჭიროებებს მოხმარდება, 1.5 % კი ინვესტიციებზე დაიხარჯება, კერძოდ, ალიანსის ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა თუ სამოქალაქო მზაობის შექმნაზე.
„კანადამ უკვე დაიწყო მუშაობა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ს 3.5% გამოყოფაზე. ჩვენ ვგეგმავთ შეიარაღებულ ძალებზე მეტი ინვესტიციის გაღებას, ჩვენი სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზებას, ეს იმიტომ რომ გავაძლიეროთ ჩვენივე თავდაცვითი ინდუსტრია. რასაც მივაღწიეთ იმის დასტურია, რომ ერთიანები ვართ და აშშ-ც მოკავშირეების გვერდში დგას. ეს ყველაფერი შეამცირებს საფრთხეებს მომდევნო 10 წლისთვის”, – ამბობს კანადის პრემიერი მარკ კორნი.
სამიტის კომუნიკეს უერთდება, თუმცა თავდაცვის ინვესტიციის გეგმას სავარაუდოდ განსხვავებულად შეასრულებს ესპანეთი. მედიაში წერენ, რომ მადრიდს დაუთმეს, რადგან ამჟამად ესპანეთისთვის თავდაცვაზე მშპ-ს მხოლოდ 2% დახარჯვაა რეალისტური. პედრო სანჩესი ამის გამო დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა.
„ესპანეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჩვენ შეგვიძლია მშპ-ს მხოლოდ 2.1 %-ის გამოყოფა თავდაცვისთვის. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენს დავხარჯავთ, არამედ იმაზე, თუ რამდენი შეგვიძლია – ალიანსი ეფუძნება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თითოეულ ქვეყანას აქვს საერთო გამოწვევების წინაშე. ეს ჯანსაღი აზრია. თუ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც სურთ დახარჯონ 5,6,7 % ან მეტი, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ, რადგან პატივს ვცემ მათ სუვერენულ უფლებას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები ვერ განახლდება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ჯერ მხოლოდ 2.1%-ს ვპროგნოზირებთ. ესპანეთი არასდროს ქმნის პრობლემას, ჩვენ მუდამ გადაწყვეტის მომხრენი ვართ, მაგრამ დავიცავთ ჩვენს შეხედულებებს. გვჯერა, რომ მას უმრავლესობა იზიარებს. ამ გეგმის მიხედვით ესპანეთს მოუწევს 300 მილიარდი ევროს მობილიზება, საიდან? გადასახადების გადამხდელებისგან? განათლებას მოვაკლოთ, ჯანდაცვას თუ პენსიებს?”- სვამს კითხვას ესპანეთის მთავრობის მეთაური.
ნატოს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართა, მასში ნატოს 32 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. ნიდერლანდებში მოწვეულები იყვნენ პარტნიორებიც, როგორც უკრაინიდან, ისე ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან.