ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს ლიდერი ნატოს სამიტის მთავარ დისკუსიაზე შეიკრიბა. ალიანსის ამოცანა ისაა, რომ რუსული საფრთხის ფონზე მოკავშირეებმა საკუთარ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% გამოყონ.
„უმნიშვნელოვანესია, რომ დავხარჯოთ მეტი და ესაა დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ვიყოთ გულწრფელები, თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდა რთული გადაწყვეტილებაა, პოლიტიკოსებს კი მათი მიღება უწევთ, უწევთ თანხების მოძიება და ეს მარტივი არ არის. ამას აბსოლუტურად ვიაზრებთ, მაგრამ რუსული საფრთხის, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ალტერნატივა არ გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ.
ჩემთვის ნათელია, რომ აშშ აბსოლუტურად ერთგულია ნატოსი და მისი მეხუთე მუხლის მიმართ. ამასთან შტატებში არსებობს მოლოდინი ჩვენ მიმართ, შესაბამისად, კანადელები და ევროპელები გააძლიერებენ სამხედრო ხარჯებს, რომ დავიცვათ თავი რუსეთისგან და გავათანაბროთ ხარჯი – ეს უფრო სამართლიანი მიდგომაა. ჩვენ დღეს განვიხილავთ უკრაინის საკითხსაც და იმას, რომ მომდევნო წლებში ნატოს მხრიდან უკრაინა მიიღებს ყველა დახმარებას, რათა დარჩეს ბრძოლაში და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიტის დაწყების წინ.
✧ Increasing defence investment
✧ Ramping up defence production
✧ Support for Ukraine32 Allied Leaders are meeting at the #NATOsummit to take historic, transformational decisions that make our people safer pic.twitter.com/MgTZ3wLrWW
— NATO (@NATO) June 25, 2025
საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობას მოკავშირეებს დღეს, 25 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაუმეორებს. დონალდ ტრამპი უკვე ჰააგაშია, ისტორიულ გადაწყვეტილებას კი საკუთარ ძალისხმევად მიიჩნევს. ნატოს ქვეყნების ნაწილმა თავდაცვის ხარჯების ზრდის მხრივ სერიოზული ნაბიჯები უკრაინაზე რუსული აგრესიის შემდეგ გადადგეს.

„თავდაცვის ხარჯების ზრდა აბსოლუტურად აუცილებელია, იმდენი უნდა დავხარჯოთ თავდაცვაზე, რამდენსაც ნატოს ქვეყნები ცივი ომის დროს ხარჯავდნენ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიასა და პოტენციურ საფრთხეს, მის იმპერიალისტურ პოლიტიკას. დიდი ხანია ვიმეორებ თავდაცვის ხარჯების ზრდის აუცილებლობის შესახებ, ეს უნდა ყოფილიყო სამიტის თემა და დისკუსიებსაც ხედავთ. ვფიქრობ, უკრაინაზე აგრესიის შემდეგ რუსეთი დაღლილია, ამიტომ არ ველი, რომ რუსეთი მზადაა სხვა ქვეყანაზე თავდასხმისთვის ახლა, მაგრამ მომავალში ეს რეალური რისკია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ – ეს აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის”, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.
ლიდერები შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან პოზიტიურ შეფასებებს აკეთებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო ხარჯების ზრდაზე ნატოში ერთიანობა არსებობს. გამონაკლისია ესპანეთი, რომელიც აღნიშნავს, რომ თავდაცვის ხარჯების მასშტაბური ზრდა ქვეყნისთვის დიდი ტვირთი იქნება. მოკავშირეები დღეს იმაზე იმუშავებენ, რომ მადრიდი ამ აზრის სიმცდარეში დაარწმუნონ. მათ არ მოუწევთ ამაში უნგრეთის დარწმუნება, რადგან ვიქტორ ორბანი თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდას რეალისტურად მიიჩნევს, თუმცა აქვს პირობები.
„თავდაცვისთვის 5 %-ის მიღწევა არაა მარტივი, მაგრამ შესაძლებელია კონკრეტული პირობებით. კერძოდ, ევროპული ბიუჯეტის რეგულაციებში კალკულაცია სრულად უნდა შეიცვალოს. თუ ამ რეგულაციებს ისე დავტოვებთ, როგორიც ახლაა,
ევროკავშირიდან ვერავინ მიაღწევს 5 %-ს, რაც არ უნდა გითხრან მათ. შესაბამისად, სხვანაირი კალკულაცია დაგვჭირდება. ეს გადაწყვეტილებები საღ აზრს ემყარება და არა დონალდ ტრამპს. ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტში ჩვენ ვნახეთ, რომ ის საღი აზრის კაცია.
ეს კი ნიშნავს, რომ ახალი ომები მცირეხნიანია, ძველი ომები კი იფიტება. უდიდესი საფრთხე ევროპისთვის არა თავად უსაფრთხოებას, არამედ გლობალურ ეკონომიკაში შეჯიბრებითობის დაკარგვაა. დღევანდელ დეკლარაციაში, როგორც მანამდე, საფრთხედ ჩაიწერება რუსეთი, თუმცა ვფიქრობ, რუსეთი საკმარისად ძლიერი არაა, რომ ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რაც შეეხება ზელენსკის აქ ყოფნას, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოს უკრაინასთან რამე ესაქმებოდეს, არც უკრაინაა ნატოს წევრი და არც რუსეთი და ჩემი ამოცანაა ეს ასეც დარჩეს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
25 ივნისი ნატოს სამიტის დასკვნითი დღეა, რა დროსაც მიიღება საბოლოო დეკლარაცია, რომელშიც ალიანსის სამომავლო სტრატეგია გაიწერება.