კატეგორიები

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთში იკრიბებიან

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთში იკრიბებიან

ალიანსისთვის ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის პერიოდში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთში ორდღიან სამიტზე იკრიბებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის უსაფრთხოებაში მონაწილეობის ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს.

სამიტის მონაწილეები ალიანსის მიერ თავდაცვის წარმოების გაზრდის გზებსაც განიხილავენ, რადგან ირანის ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული თანამედროვე შეიარაღების მარაგებს ამცირებს.

ვაშინგტონის მხარდაჭერის შემცირების ზუსტი დეტალები პარასკევს უნდა გამოცხადდეს, თუმცა წყაროები ალიანსიდან ადასტურებენ, რომ ეს გეგმა „NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილს კრიზისისა თუ კონფლიქტის შემთხვევაში ცვლის“.

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონის განხადების მნიშვნელობას ამცირებს და იმეორებს ფაქტს, რომ დონლად ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია მიანიშნებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან გასვლაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დოქტრინის ფარგლებში.

მან ბრიუსელში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. „ვიცით, რომ ცვლილებები მოხდება. ამერიკის შეერთებულ შტტაებს ყურადღების გადატანა უწევს, მაგალითად, აზიისკენ“, - თქვა მარკ რუტემ და განმარტა, რომ ეს დროთა განმავლობაში მოხდება.

„მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ. და ეს დიდი სურათი ასეთია: ამერიკის პრეზიდენტმა, და გუშინ ასევე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ევროპისა და კანადის მხრიდან NATO-ს კონვენციური თავდაცვისთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას ელიან, და სამართლიანადაც, განსაკუთრებით კი NATO-ს ევროპული ნაწილისთვის. ეს უკვე ხდება. როგორც  გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა გუშინ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პროცესში დარჩება. დროთა განმავლობაში ეს ალბათ შტატების უფრო მეტი რესურსის სხვა მიმართულებით გადატანას გამოიწვევს, და ეს აუცილებელია. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. თუმცა ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ საერთო შეკავება და თავდაცვა ძლიერი დარჩეს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანდა. ამის მიზეზი მისი დაპირისპირება გახდა კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანთან ომის საკითხზე.

თუმცა, გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცის გაყვანის ნაცვლად, მან რეალურად  პოლონეთში დაგეგმილი 4 000 სამხედრო მოსამსახურის განთავსება გააუქმა. მისი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ეს არა სამხედროების შემცირება, არამედ „როტაციის გადავადებაა“.

შვედეთში გამართულ სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც შეუერთდება, და Euronews-ის ინფორმაციით, ყველა მოკავშირისთვის თავდაცვითი ინდუსტრიის წარმოების მკვეთრად გაზრდის აუცილებლობას გაუსვამს ხაზს.

ამ კვირის მინისტერიალი მოსამზადებელი ეტაპია NATO-ს ლიდერთა ყოველწლიური სამიტისთვის, რომელიც ივლისში ანკარაში გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთში იკრიბებიან ტრამპის შემდეგ ჩინეთს პუტინიც ეწვია