მთავარიმსოფლიოNATO„გამარჯვება დასავლური ცივილიზაციისთვის” - ნატო თავდაცვის ხარჯებს 5 %-მდე გაზრდის

„გამარჯვება დასავლური ცივილიზაციისთვის” – ნატო თავდაცვის ხარჯებს 5 %-მდე გაზრდის

ჰააგის სამიტი ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გარღვევით სრულდება. 2025 წელი  ყველაზე ძლიერ სამხედრო გაერთიანებას იმით დაამახსოვრდება, რომ საერთო თავდაცვისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია.

იმას რასაც პირად საუბრებში, საქმიან გადალაპარაკებებში, მედიისთვის ღია თუ დახურულ დისკუსიებში ბოლო წლებია აქტიურად განიხილავდნენ, უკვე 32 ლიდერის თანხმობაც აქვს. ნატოს თითოეული ქვეყანა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ხარჯებზე მშპ-ს 5%-ს გაიღებს.

საგზაო რუკა ნაწილისთვის ჯერჯერობით 2-3%-იან ზღვარამდე მისვლას ითვალისწინებს, საბოლოო დანიშნულების წერტილი კი 2035 წლისთვის უკვე 5 % იქნება. ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები ნატოს უფრო ძლიერს ხდის, ძლიერთან ერთად კი სამართლიანს.

“ერთად ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უფრო ძლიერ, უფრო სამართლიან და ლეტალურ ნატოს. ლიდერები შეთანხმდნენ თავდაცვაში ინვესტიციის გეგმაზე, რომელიც გააძლიერებს “კვანტურ ნახტომს” კოლექტიურ თავდაცვაში. ჩვენ გავზრდით ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიას, რომელიც არა მხოლოდ გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას,არამედ შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია, ეს ნიშნავს, რომ რა საფრთხის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, იქნება ეს რუსეთი, ტერორიზმი, კიბერ თავდასხმა, საბოტაჟი თუ სტრატეგიული შეჯიბრი  – ეს ალიანსი არის და დარჩება მზად, დაიცვას ალიანსის თითოეულ გოჯი და მისი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება.ამას ექნება დიდი გავლენა ჩვენს უნარზე გავაკეთოთ ის, რისთვისაც ნატო შეიქმნა – შეკავებისა და თავდაცვისთვის. ამ მხრივ საკვანძო გადაწყვეტილება კი ჰააგის თავდაცვის ინვესტიციის გეგმაზე შეთანხმებაა, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ს 5 %-ით ზრდას გულისხმობს. ეს ხელშესახები გადაწყვეტილებაა, ხელშესახები საფრთხეების წინაშე.

ეს გულისხმობს სულ მცირე 3.5 %-ის საკვანძო თავდაცვით საჭიროებაზე მობილიზებას, იქნება ეს სამხედრო ძალების აღჭურვა დრონებით, შეიარაღებით, საჰაერო თავდაცვითი სისტემებით, ტანკებით თუ სხვა აღჭურვილობით. 1.5 % კი ინვესტიციებსა და უსაფრთხოების მხარდაჭერაში წავა. ამით აგრესიას ეფექტურად შევაჩერებთ და დავიცავთ თავს, რათა არავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა.საფრთხეების საპასუხოდ ჩვენ გავერთიანდით, ახალი თავდაცვითი ძალისხმევაზე.თითოეული მოკავშირე ერთიანია იმ აზრში. აშშ-ი რჩება ნატოს გვერდით, თუმცა  კანადისგან და ევროპისგან მეტს ელის და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, ვათანაბრებთ ხარჯებს და ვიღებთ მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე. არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენი შესაძლებლობები. უკრაინელი ხალხისა და მისი პრეზიდენტის  მიმართ ალიანსის გზავნილია, რომ მათ აქვს ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ უკრაინა დარჩეს ამ ბრძოლაში და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას. განვაგრძობთ მის გვერდში დგომას უკრაინის შეუქცევად გზაზე ნატოს წევრობისკენ” , – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა,მარკ რუტემ სამიტის დასრულების შემდეგ.

ჰააგის სამიტის საბოლოო დეკლარაცია წინა წლებისგან განსხვავებით ათეულობით პუნქტით შემცირდა. წელს სათქმელი მოკავშირეებმა სულ რაღაც 5 პუნქტად გაწერეს.

ტექსტის მიხედვით ალიანსი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მე-5 მუხლის ერთგული რჩება.ერთზე თავდასხმა, კვლავ ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და ამ პუნქტის ინტერპრეტაციაზე საუბრები მოკავშირეებმა მიუღებლად მიიჩნიეს. დეკლარაციის თანახმად მიღწეული 5%-იანი ზღვარი შემდეგნაირად ჩაიშალა: მისი  3.5 % ძირითად თავდაცვით საჭიროებებს მოხმარდება, 1.5 % კი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, სამოქალაქო მზაობასა და მედეგობას.. დოკუმენტში უცვლელია გრძელვადიანი საფრთხე – ის კვლავ რუსეთია,  თუმცა ტექსტში არაა საუბარი მოსკოვის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა მასში ხაზგასმულია ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების მიმართ ერთგულება და ალიანსის ძალისხმევა, დაუჭიროს მხარი უკრაინას საერთო ბრძოლაში.

„ნატოს საბოლოო კომუნიკე აჩვენებს კოლექტიურ ძალისხმევასა და კარგ შედეგს, რომელიც სავაჭრო სივრცეშიც მშვიდობას მოგვიტანს. ჩვენ ვეღარ ვიტყვით,რომ “გვსურს დავხარჯოთ მეტი ან უნდა დავხარჯოთ მეტი” და ამის შემდეგ ერთმანეთთან სავაჭრო ომები ვაწარმოოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია,რომ ვაჯერებთ წესებს,რომელსაც ალიანსი უნდა მიჰყვეს”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„2035 წლისთვის 5%-იან ზღვრამდე მისვლა ნატოს უფრო ძლიერს, სამართლიანს და ლეტალურს გახდის. მე განვაცხადე,რომ ვაწარმოებთ სულ მცირე 12 f-35a ტიპის ავიაგამანადგურებლებს,რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბირთვული შეიარაღების გადატანაც შეეძლება.ამით ჩვენ ვპასუხობთ მზარდ ბირთვულ საფრთხეს.ჩვენი ერთგულება ნატოს მიმართ ურყევია.უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კი გზავნილია აგრესორისთვის. მოგეხსენებათ გაყინული რუსული აქტივების მეშვეობით დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით ჭურვით ამარაგებს”, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი.

“დებატები არ არის პროცენტებზე, არამედ შესაძლებლობებზე. ეს ერთდროულად ეხება ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებს. ინვესტიციის ამგვარი დონე თავდაცვაში ნამდვილად საჭიროა,ესპანეთი სერიოზული ქვეყანაა და ჩვენი მოსაზრებით  სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით მეტად უკავშირდება საერთო შესყიდვებს, თანაწარმოებასა და სხვა ფუნდამენტურ ასპექტებს და ნაკლებად მთლიან შიდა პროდუქტს. გვჭირდება კოორდინაცია, ეფექტურობა, ერთობა, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს”, – განაცხადა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, პედრო სანჩესმა.

ესპანეთი თავდაცვითი ხარჯების ზრდას უხალისოდ შეხვდა, რადგან სამიტის დაწყებამდე მას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა.მადრიდისთვის 5% დიდი ტვირთია, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეულია, კონსენსუსი შედგა. ამას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს დონალდ ტრამპი.

მედიამ სამიტს ხუმრობით “ტრამპის სამიტიც” კი უწოდა, რადგან ცენტრალური ფიგურა ჰააგაში სწორედ აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ცენტრალური საკითხი კი ირანის ბირთვული შეიარაღების განადგურება, რომლითაც მან არაერთხელ მოიწონა თავი.საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის შედეგებით კმაყოფილია.

“მოგეხსენებათ წლებია თავდაცვაზე მშპ-ის 2 %-ის გაღებას ვითხოვდი, ახლა მთელ 5%-ს მივაღწიეთ. მე ეს პროცესი დავიწყე და არჩევნების შემდეგ, თითქმის ყველამ გააძლიერა გეგმა მიეღწიათ 2, 3 ან 5 %-ს. და ეს ყველაფერი მალე მოხდება. თითქმის დაუყოვნებლივ, ეს ყველამ იცით. ეს კი საეტაპო მომენტია ნატოსთვის. ეს არავის წარმოედგინა, მითხრეს რომ ეს ჩემი დამსახურებაა, არ ვიცი. როდესაც ალიანსი მიაღწევს ამ ზღვარს, ეს ტრილიონობით დოლარს მოგვმატებს,შესაბამისად ეს მონუმენტური გამარჯვება იქნება აშშ-სთვის, ევროპისთვის და მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის.
ევროპა აიღებს მეტ პასუხისმგებლობას, ისეთ შესაძლო კატასტროფების წინაშე,  როგორიც უკრაინასა და რუსეთს შორის ვიხილეთ. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მე ვიცი რომ მას ყველაფრის დასრულება სურს” – თქვა სამიტის შედეგების შეფასებისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

სურს,თუმცა არა კაპიტულაციის გზით. უკრაინა ბოლომდე ბრძოლისთვის მზადაა და ამაში მას დღეს ევროპელებმაც გამოუთქვეს პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა.
კიევს პარტნიორების იმედი აქვს. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მას ევროპული პოლიტიკის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები შეხვდნენ – ეს კი გზავნილია.

„ჩვენი სამიტში მონაწილეობა აჩვენებს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ , ამისთვის კი მადლობას გიხდით. პარტნიორებმა მართლაც ბევრი გააკეთეს უკრაინისთვის,მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია”, – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წლევანდელი სამიტი დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში მისი ფორმალური ნაწილი. შემდეგი შეკრების ადგილი კი უკვე ცნობილია. 2026 წლის ზაფხულში მოკავშირეები უკვე თურქეთი უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend