აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანულ ბეჭდურ მედია „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გამოყოფას, რადგან ალიანსმა ირანთან ომში მონაწილეობა არ მიიღო.
დონალდ ტრამპმა სამხედრო ალიანსის მიმართ რიტორიკა გაამკაცრა და განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა დარწმუნებული ნატოში. მან ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც კარგად იცის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ეს ყველაზე ძლიერი ნიშანია, რომ თეთრი სახლი ევროპას სანდო თავდაცვით პარტნიორად აღარ აღიქვამს. დონალდ ტრამპი გაბრაზებულია მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უგულებელყვეს მისი მოთხოვნა, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მიზნით ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემები გაეგზავნათ. ირანში ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჩაკეტა სრუტე, სადაც მსოფლიო ნავთობის 20 პროცენტი გადის. შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჩარლზ კუპჩანი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი დიდი ხნის წინ გამოთქვამდა უკმაყოფილებას არა მხოლოდ ნატოს, არამედ იმ ალიანსების მიმართაც, რომლებიც შეერთებულ შტატებს ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში აქვს.
„დონალდ ტრამპი თვლის — და, ვფიქრობ, საფუძვლიანადაც, — რომ მოკავშირეები ამერიკით სარგებლობენ, რადგან ისინი საკუთარ თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავენ. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ამერიკა მუდამ მზადაა, მეტი დახარჯოს თავდაცვაზე და მოკავშირეებისთვის ერთგვარი დამცავი ქოლგა იყოს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ირანთან დაკავშირებით ტრამპი რთულ ვითარებაშია. ეს ომი იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე ის ელოდა. იგი უფრო მეტ ზიანს აყენებს საერთაშორისო ეკონომიკას, ვიდრე ელოდა. ამიტომაც იმედგაცრუებულია, რომ მოკავშირეები აზიასა და ევროპაში, რომლებიც სპარსეთის ყურის ენერგიაზე მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე შეერთებული შტატები, პროცესებში არ ერთვებიან. მას არ ესმის, რატომ არ მონაწილეობენ ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობაში. ეს ახალი კომენტარები იმედგაცრუებით არის გამოწვეული, რომ ირანთან ომში მოკავშირეები მონაწილეობას არ იღებენ“, — ამბობს ჩარლზ კუპჩანი.
ამერიკის კანონმდებლობით არ არის დაკონკრეტებული, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და 77-წლიანი ტრანსატლანტიკური ალიანსის დატოვება. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია ახალი ხელშეკრულებების დადება იმ პირობით, რომ 100-წევრიანი სენატის ორი მესამედი დაეთანხმოს. თუმცა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ არაფერი წერია. აშშ-ში ნატოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში კანონსა და პროცედურაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განწყობაა.
„მას უბრალოდ შეუძლია ჯარები გამოიყვანოს გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და პოლონეთიდან. ეს ევროპელებისთვის ნიშანი იქნება, რომ მალე დასრულდება დრო, როცა შეერთებული შტატები რუსული და სხვა გარე საფრთხეების გამო ევროპაში ჯარებს ათავსებდა. ექნება ამას წინააღმდეგობა? რა თქმა უნდა. სენატში ნატო ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, არა მხოლოდ დემოკრატებში, არამედ რესპუბლიკელებშიც. ასევე, ამერიკელების საზოგადოებაშიც ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ამიტომ უკუშედეგი ექნება. მაგრამ რამდენადაც ვიცი, არ არსებობს სამართლებრივი ან პოლიტიკური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, სენატი ან პენტაგონი შეაჩერებდა ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის ჯარების ნატოდან გამოყვანასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, თუ ტრამპს ნატოდან გასვლა სურს, ის ამას შეძლებს. როგორც შეიარაღებული ძალების მეთაურს, მას შეუძლია ევროპიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცეს, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის დასასრული იქნება“, — ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჩარლზ კუპჩანი.
ნატოს წესების თანახმად ალიანსის დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით, ქვეყანამ, თუ ალიანსის დატოვება სურს, ერთი წლით ადრე უნდა მიმართოს შეერთებულ შტატებს, რომელიც შემდეგ სხვა მთავრობებს აცნობებს. თუმცა, ამ დრომდე ნატო, რომელიც 1949 წელს საბჭოთა საფრთხის ფონზე შეიქმნა, არც ერთ წევრ ქვეყანას არ დაუტოვებია. ექსპერტების თქმით, ნატოს დაშლით მხოლოდ დასავლეთის მოწინააღმდეგეები და კონკურენტები, განსაკუთრებით კი რუსეთი და ჩინეთი, ისარგებლებდნენ.
„თუ დონალდ ტრამპი ნატოდან გამოვა, ეს გეოპოლიტიკური მიწისძვრა იქნება. ის დაშლის ალიანსს, რომელიც ბევრის თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნატო შექმნის მომენტიდან დასავლური სამყაროს სახეს წარმოადგენდა. ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არაა; ბევრის აზრით, ეს პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასთან მიმართებაში საერთო ინტერესებს, ღირებულებებსა და ვალდებულებებს აერთიანებს. ნატოს არსებობა ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაცემის მიუხედავად გვიჩვენებს, რომ ეს გაცილებით ღრმა ინსტიტუტია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოდან გამოვა, ეს მსოფლიოს შეცვლის. მსოფლიო, გარკვეულწილად, გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში აღმოჩნდება, სადაც ევროპა მარტო დარჩება, შეერთებულ შტატებსაც მოუწევს მარტო დარჩენა. სამყარო ბევრად უფრო ქაოსურ, ანარქიულ რეალობაში დაბრუნდება, რომელიც 1949 წელს ნატოს შექმნამდე არსებობდა“, — აღნიშნავს ჩარლზ კუპჩანი.
დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება, სადაც აშშ-სა და ალიანსის ურთიერთობებს განიხილავენ.
ნატოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. მისი თქმით, ალიანსი ყველაზე ეფექტიანი სამხედრო ინსტიტუტია, რაც კი ოდესმე შექმნილა, და ის წევრ ქვეყნებს ათწლეულებია იცავს. კირ სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო დაახლოებით 35 ქვეყანას უმასპინძლებს, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილონ.
