კატეგორიები

„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე

„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე

NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპიდან ჯამში 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს. ამ სამხედროებიდან 4000 პოლონეთს დატოვებს. 1000-იც გერმანიას.

გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამოუცხადა, რომ ევროპელები ამერიკის შეერთებული შტატების ძალების გადანაწილებას მომავალშიც უნდა ელოდონ.

სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მოკავშირეებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირისპირებას უკავშირდება ირანის ომის საკითხზე. ტრამპი განსაკუთრებით განაწყენებული გერმანიაზე იყო. ეს მას შემდეგ, რაც კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონის ომის სტრატეგია დაიწუნა და განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა შეერთებულ შტატებს „ამცირებდა“. ამიტომაც, არსებობდა ვარაუდი, რომ 5 000 ჯარისკაცი სწორედ გერმანიიდან გავიდოდა. თუმცა, უკვე განთავსებული ძალების გამოყვანის ნაცვლად პენტაგონი პოლონეთსა და გერმანიაში სამხედროების სამომავლო განლაგების გაუქმებას აპირებს.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შესაბამისად, ევროპიდან 5 000 ჯარისკაცი გავა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ ჯავშანტექნიკის ბრიგადიდან მოდის, რომელიც უკან ბრუნდება. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ საარტილერიო ბატალიონის დაგეგმილი განთავსება აღარ განხორციელდება. არსებობს კიდევ რამდენიმე მცირე დანაყოფი, რომლებიც ასევე გადალაგდებიან. რამდენიმე ასეულ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებით დაგეგმვა კვლავ მიმდინარეობს. მოგვიანებით ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ საერთო რაოდენობა 5 000-ია. რაც შეეხება კითხვას, თუ რა გავლენა ექნება ამას ჩვენზე: იმ დროიდან, როცა 2022 წელს როტაციული ბრიგადა ევროპაში ჩამოვიდა, და ახლა ჩანაცვლების გარეშე ბრუნდება, ალიანსში ბევრი რამ შეიცვალა. ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და სხვა მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობები. შესაბამისად, დღეს ამ თვალსაზრისით ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე ადრე“, - განაცხადა NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსუს გრინკევიჩმა.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ პოლონეთში ჯარები კი არ შემცირდა, არამედ სამხედროების განთავსება უბრლოდ გადაიდო. „ეს როტაციის გადავადებაა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა.

როცა ჯეი დი ვენსს პოლონეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია „ევროპული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის“ ხელშეწყობაა.

„გასულ კვირას პენტაგონმა პოლონეთში 4 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა შეაჩერა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას, რომ პოლონეთში სამხედროების რაოდენობას არ შეამცირებდა. ამიტომ დაგისვამთ კითხვას, რომელსაც პოლონეთში შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს: რატო ასაჩუქრებთ პუტინს და რატომ სჯით ევროპაში თქვენს საუკეთესო მოკავშირეს?“, - ჰკითხეს ჯეი დი ვენსს.

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი უკრაინის გადარჩენისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამდენიც დონალდ ტრამპს. როგორც თავად ხშირად ამბობს: „ობამამ მათ ზეწრები მისცა, მე კი ჯაველინები“ და სწორედ ამ ჯაველინებმა უზრუნველყვეს, რომ უკრაინას დღემდე აქვს ტერიტორიული სუვერენიტეტი. ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ სურს ამერიკული პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში შეერთებული შტატების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ეს პოლიტიკა არც პუტინის დაჯილდოებას ემსახურება და არც ისეთი ქვეყნის დასჯას, როგორიც პოლონეთია - ჩვენ გვიყვარს პოლონეთი და პოლონელი ხალხი. არა, არა და არა. რასაც ვცდილობთ, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, ევროპული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებაა. გვინდა, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.თქვენ ახსენეთ 4 000 ჯარისკაცი. ჩვენ პოლონეთში სამხედროების რაოდენობა 4 000-ით არ შეგვიმცირებია. რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გადავავადეთ დაგეგმილი სამხედრო განლაგება. ეს არ არის შემცირება - ეს ჩვეულებრივი გადავადება და როტაციაა, რაც მსგავს სიტუაციებში ზოგჯერ ხდება.აქ ფუნდამენტური პრობლემაა. პოლონეთს შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით  საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანაზე. საუბარია გარკვეული რესურსების გადანაწილებაზე ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ამერიკის უსაფრთხოება. ეს ევროპისთვის ცუდი არ არის - პირიქით, ეს ევროპას უბიძგებს, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს პოლიციელი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა ვიყოთ კარგი მოკავშირეები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სამხედრო კონტინგენტი ევროპაში რეგიონულ სტაბილურობას ემსახურება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ხოლო პასუხად კითხვაზე, საბოლოოდ განლაგდებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები პოლონეთში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სამხედროები შესაძლოა ევროპის სხვა ნაწილში გაიგზავნონ და რიმ ვაშინგრონს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მისი თქმით, იმის თქმა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპიდან ჯარები მასობრივად გაჰყავს, არასწორია.

დაკავშირებული ამბები
„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე ფრიდრიხ მერცი აშშ-ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს