თითქმის ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა – ამ ფაქტმა და მასზე ისრაელისა და ირანის პასუხმა ერთგვარად შეაჩერა ის, რისიც ბევრს ეშინოდა, რომ კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზრდებოდა.
გასული დღეების მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსაზღვროს მომავალ წლებში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები.
ამ მოვლენების ეპიცენტრში კი იყო ოპერაცია „შემართული ლომი“ – ამ ოპერაციაზე და მის მნიშვნელობაზე ევრონიუს ჯორჯია იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ისტორიისა და აზიის კვლევების დეპარტამენტის პროფესორ დენი ორბახს ესაუბრა.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: როგორ შეაფასებთ სამხედრო ოპერაციას, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაგეგმეს? მიაღწიეს თუ არა მიზანს?
დენი ორბახი: „ისრაელის მიზანი იყო ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის სერიოზულად შეჩერება, ჩემი შეფასებით, ორივე ამოცანა მნიშვნელოვანი ხარისხით შესრულდა. როგორც ჩანს, ირანის ბირთვულმა პროგრამამ რამდენიმე წლით უკან დაიხია. მართალია, ჯერ არ გვაქვს დაზიანების სრული ანალიზი ფორდოუს ობიექტიდან, მაგრამ არსებული მონაცემებით, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. რაც შეეხება ნათანზისა და ისპაანის ობიექტებს, პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია. განსაკუთრებით საყურადღებოა ისპაანის ობიექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა – სწორედ აქ ხდებოდა ურანის გარდაქმნა, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ეს არის ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კვანძი.
ამის გარდა, ლიკვიდირებული არიან პროექტზე მომუშავე მეცნიერები. განადგურდა არქივიც და მისი სარეზერვო ასლები და მრავალი ქარხანა, რომლებიც იყო ბირთვული იარაღის წარმოების ჯაჭვის ნაწილი. იგივე ითქმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზეც – განადგურდა არა მხოლოდ უშუალოდ რაკეტების მწარმოებელი ქარხნები, არამედ ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც რაკეტების შესაქმნელად აუცილებელია. შეფასებების მიხედვით, ბალისტიკური პროგრამა დაახლოებით ერთი წლით არის შეჩერებული. ბირთვული პროგრამის შემთხვევაში კი საუბარია რამდენიმე წელზე. თუნდაც, ირანს შეენარჩუნებინა ურანი, მისი გამდიდრება უკვე პრობლემაა. მათ მაინც არ შეუძლიათ მისი გარდაქმნა მყარ ფორმად, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად”.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: რამდენად შესუსტდა ირანის სამხედრო პოტენციალი? ასევე რამდენად შესუსტდება ამიერიდან ირანის დახმარება იმ მხარდაჭერილი ჯგუფებისადმი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში არიან, მაგალითად, იემენში?
დენი ორბახი: „ორი მნიშვნელოვანი რამ შემიძლია გითხრათ. პირველ რიგში, სამხედრო წარმოება არის ქსელი და შესაძლებელია, გარკვეულ საკვანძო მიმართულებებზე შეტევა ისე მიიტანო, რომ მთლიანი სისტემა მოიშალოს. ჩემი აზრით, სწორედ ამას ცდილობდა ისრაელი – მაქსიმალურად დიდი „ხვრელის“ შექმნას ამ საწარმოო ქსელში.
რაც შეეხება ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, ეს მეტად მნიშვნელოვანია. ამ ოპერაციით ისრაელის მიზანი იყო არა მხოლოდ ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების შეჩერება, როგორც მოკლევადიანი ამოცანა, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში „წინააღმდეგობის ღერძის“, ანუ ირანის მიერ შექმნილი პროქსი ქსელის შესუსტება. რამდენიმე ასეთი დაჯგუფება განადგურდა, თუმცა ნაწილი კვლავ მოქმედია. ახლა ჩვენი მიზანია, ირანი დადგეს დილემის წინაშე – ცუდ ვარიანტებს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება. ირანი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და რესურსები შეზღუდული აქვს. შესაბამისად, უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ გადაანაწილოს ფინანსები: ააშენოს თავიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა? ბირთვული პროგრამა? თუ განაგრძოს დაფინანსება პროქსი დაჯგუფებებისთვის? და ა.შ. ამ ყველაფრისთვის ერთდროულად რესურსი არ ჰყოფნით. ამიტომაც იძულებული გახდებიან, რაღაც დათმონ. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ის არჩევანი, რომელიც მათ დარჩებათ, რაც შეიძლება არახელსაყრელი იყოს”.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და მოსკოვს მჭიდრო კავშირები აქვს, რატომ არ ან ვერ დაეხმარა რუსეთი ირანს?
დენი ორბახი: „იცით, რუსეთს არ ჰყავს მეგობრები – მას აქვს მხოლოდ ინტერესები. თუმცა, აუცილებელია, ვისაუბროთ რუსეთის რეალურ შესაძლებლობებზე. რუსეთი უკიდურესად გადატვირთულია უკრაინაში ომით და, ჩემი აზრით, მას უბრალოდ არ შეუძლია ირანისათვის სერიოზული მხარდაჭერის გაწევა, თან რომ შეეჯახოს შეერთებულ შტატებს რუსეთს უჭირს საკმარისი ჯავშანტექნიკის წარმოება უკრაინის ფრონტისთვისაც კი. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ საჰაერო თავდაცვისა და სხვა მრავალ სფეროში. ასეთ პირობებში ირანის დახმარება გიჟურ გადაწყვეტილებას წააგავს და ვლადიმერ პუტინი ამას ძალიან კარგად ხვდება. ამიტომაც ირანისადმი მხარდაჭერა რეალურად მხოლოდ რიტორიკული იყო.
მინდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აღვნიშნო — არავის სურს, დამარცხებულს დაუჭიროს მხარი. როცა ისრაელმა ირანს მძლავრი, დამაჯერებელი დარტყმა მიაყენა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ირანი ამ კონფლიქტში მარცხდებოდა. ისრაელმა შეძლო ის, რაც სამხედრო ისტორიაში ძალზე იშვიათია: სრულად დაიმორჩილა 1500 კილომეტრით დაშორებული მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცე. როდესაც ისრაელმა ეს საჰაერო უპირატესობა უკვე მოიპოვა, ირანის გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, განულდა — მათ რაკეტებისა და გამშვები სისტემების მარაგი ამოეწურებათ და შემდეგ რაღას გააკეთებენ? ისრაელი შეძლებს, განაგრძოს მასშტაბური დაბომბვა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ჩემი აზრით, რუსეთმაც ზუსტად ამგვარად შეაფასა ვითარება — რომ ირანი დაპირისპირების ამ რაუნდში უკვე დამარცხებულია. და თუ ასეა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი? ბაშარ ალ-ასადსაც სწორედ ამიტომ არ დაეხმარნენ აქტიურად თავის დროზე”.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: როგორ შეიძლება შეფასდეს უსაფრთხოების სიტუაცია დღეს რეგიონში, რამდენად სწორ დროს ჩატარდა ოპერაცია თეირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ?
დენი ორბახი: „ირანი დღეს იზოლირებულია. ეს იზოლაცია იმიტომ მოხდა, რომ ისრაელმა ის ჯგუფები, რომლებსაც ირანი უჭერდა მხარს, სათითაოდ გაანეიტრალა. ვფიქრობ, ისრაელის სტრატეგიული გათვლა სწორედ ამგვარი სტრატეგიული მოთმინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. როგორც კარგად გვახსოვს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2024 წლის გაზაფხულზევე გაზარდა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე, რათა მას „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი ბევრად უფრო ადრე, ფაქტობრივად, პირდაპირ 7 ოქტომბრის შემდეგ მოითხოვდა „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას.
ჩემი აზრით, ნეთანიაჰუ სწორად მოიქცა, როცა თითოეული ნაბიჯი სიზუსტით და დროულად გადადგა. ჯერ „ჰამასისგან“ მომდინარე საფრთხე გაანეიტრალა, შემდეგ „ჰეზბოლაზე” მიიტანა დარტყმა და ის კონფლიქტიდან, ფაქტობრივად, გამოთიშა. ამის შემდეგ შექმნა საჰაერო უპირატესობის კორიდორი სირიის ცაში ასადის რეჟიმის კოლაფსის შემდეგ და ბოლოს დაარტყა ირანს.
„ჰეზბოლა” ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ გვიტევდა, ჩვენ კი უკიდურესად შეზღუდული რეაქციით ვპასუხობდით. 2024 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც არ გვიპასუხია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი მოითხოვდა. მაგრამ ირანზე თავდასხმისთვის ახლა იყო ყველაზე სწორი დრო, როცა ის სრულად იყო საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე იზოლირებული.
ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს დრო. ეს იყო რამდენიმე პროცესის გადაკვეთის წერტილი. ისრაელის დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანი აქტიურად მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ. ამავდროულად, ირანი მოწყვეტილი იყო თავის პროქსი ძალებს. ამ ორი ფაქტორის ერთდროულმა შეჯერებამ განაპირობა ისრაელის გადაწყვეტილება, ემოქმედა იმ ზუსტად შერჩეულ მომენტში, როცა ამისთვის სტრატეგიული და ტაქტიკური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყო”.