იმ ფონზე როდესაც ისრაელი ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე იერიშების მიტანას განაგრძობს, ხოლო ირანი თავის მხრივ აგრძელებს სარაკეტო იერიშებს – რეგიონში ამერიკის სამხედრო ძალაც გაზრდილია. ახლო აღმოსავლეთის თემებზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ რეგიონში ვითარება აშშ-ის ნაბიჯებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ საკითხებზე, ევრონიუს ჯორჯია თელ-ავივის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის, ირანისა და შიიტური მიმართულების პროგრამის უფროს მკვლევარს, დენი ციტრინოვიჩს ესაუბრა.
„ჩვენ ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენების მომსწრენი ვართ. ისრაელს არასდროს შეხვედრია ირანის მსგავსი მოწინააღმდეგე — ქვეყანა, რომელიც ბევრი მიმართულებით უფრო ძლიერია. მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო პრევენციული ნაბიჯის გადადგმა ირანის ბირთვული ამბიციების წინააღმდეგ.
ისრაელმა დაადგინა, რომ ირანი საიდუმლოდ წარმართავდა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესს და ერთობლიობაში ეს ფაქტი და ის რომ ირანი ღიად აცხადებდა ისრაელის განადგურების სურვილს, წარმოშობდა რისკს, რომელსაც ისრაელი ვერ დაუშვებდა.
შესაბამისად, ისრაელმა მოიპოვა საჰაერო უპირატესობა ირანზე და გამოიყენა მოსადის აგენტები სახმელეთო იერიშებისთვის, რამაც საშუალება მისცა თავდასხმის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად გაეადვილებინა ოპერაცია. მას შემდეგ ისრაელი განაგრძობს შეტევებს ირანის ბირთვულ და სარაკეტო ობიექტებზე. თავის მხრივ, ირანი პასუხობს სარაკეტო თავდასხმებით, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ შორი მოქმედების სარაკეტო არსენალს.
ერთ რამეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნავდეთ: ამჟამად ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე, სანამ დაზუსტებით გვეცოდინება, მიიღებს თუ არა აშშ მონაწილეობას ომში. თუკი აშშ ჩაერთვება, მას შეეძლება გაანადგუროს ირანის დარჩენილი ბირთვული შესაძლებლობები — განსაკუთრებით ე.წ. ურანის გამდიდრების ობიექტები— და შესაძლოა საფრთხე შეექმნას თვით რეჟიმის სტაბილურობასაც. ამიტომ, აშშ-ის უშუალო ჩართვა კამპანიაში იქნება ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქმედების შემდგომ კურსს.
ამ დროისთვის ჩანს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ვითარება გარკვეული სახის გამოფიტვის ომს წააგავს. ამ პროცესში აშშ-ის ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვა — აპირებს თუ არა ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობას და, რაც მთავარია, ირანის უმაღლესი ლიდერის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
თუკი ირანს ბირთვული პოტენციალი ექნება. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას. ამას მოჰყვება ერთგვარი შეჯიბრი — საუდის არაბეთი, ეგვიპტე და სხვა რეგიონული ძალები – თავადაც ეცდებიან ბირთვული იარაღის მოპოვებას. შედეგად, რეგიონში ბირთვული იარაღის რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.
თუ ირანი ბომბს შექმნის – თეირანი გააძლიერებს მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს — ლიბანში, სირიაში და თუნდაც იემენში. გარდა ამისა, ეს ობიექტურად გააძლიერებს თავად ირანულ რეჟიმსაც.
ამრიგად, ირანის ხელში ბირთვული იარაღი მოვლენების უკიდურესად ნეგატიური განვითარებაა. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები — მათ შორის, იმ მეცნიერების ლიკვიდაცია, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე, ასევე მნიშვნელოვანი დარტყმების მიყენება ურანის გამდიდრების ობიექტებზე, განსაკუთრებით — ნათანზში. განადგურდა ბირთვული პროგრამის სხვა კრიტიკული კომპონენტები — მათ შორის ქარაჯში და განადგურდა სხვა ინფრასტრუქტურა, სადაც ცენტრიფუგები იწარმოებოდა.
ისრაელს კვლავაც აქვს პრობლემა ე.წ. ფორდოს გამდიდრების ცენტრთან დაკავშირებით, რომელიც მთის ქვეშ მდებარეობს და მისი განადგურება რთულია. ამისთვის ისრაელს სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა — კერძოდ, ე.წ. “ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები“.
დიახ, ისრაელი მაქსიმალურად ცდილობს არ დაუშვას რომ ირანმა ბირთვული შესაძლებლობები შეიძინოს. ეს მარტივი არაა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბირთვული ირანი და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა.
ისრაელმა ნამდვილად განახორციელა შეტევები და შესაძლოა დღესაც აგრძელებს იმ ობიექტებზე შეტევას, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკი ე.წ. რადიაციული გაჟონვის, თუმცა ვფიქრობ, რომ ისრაელმა წინასწარ შეაფასა ეს საფრთხე და სცადა თავიდან აეცილებინა ის.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დააზიანა ირანის ბირთვული ობიექტების უმრავლესობა, ჯერჯერობით არ გამოვლენილა რაიმე სერიოზული გაჟონვა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის მოქმედებები კარგად გაწერილი და წინასწარ დაგეგმილი იყო — მიზანი იყო ობიექტების განადგურება ისე, რომ რადიაციული გაჟონვა არ მომხდარიყო.
მაგალითად, ნათანზის ობიექტზე ცენტრიფუგები პირდაპირ არ განადგურდა — ისრაელმა დააზიანა ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა. შედეგად, მთელი სისტემა ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ რადიაციული გაჟონვის რისკი არ შექმნილა. თეორიულად, რისკი ნამდვილად არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ისრაელის ყოველი ნაბიჯი იყო მიმართული იმ მიზნისკენ, რომ თავიდან აეცილებინა ასეთი საფრთხე. როგორც IAEA-ის მიერ დღემდე გავრცელებული ცნობები აჩვენებს, ამ დრომდე არსებით რადიაციულ გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანის თავდაცვითი კონცეფცია ე.წ. „ასიმეტრიული დაცვის“ მოდელს ეფუძნება, რაც გამომდინარეობს რაკეტებისა და დრონების აქტიურ გამოყენებაზე, როგორც თავდაცვისთვის, ასევე თავდასხმისთვის. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ირანი აქტიურად იყენებს ისრაელის წინააღმდეგ ამ შეიარაღებას. ირანი ამ გზით ცდილობს ისრაელის დასჯას, მაგრამ ამავდროულად ცდილობს წარმოაჩინოს გარკვეული ბალანსი ისრაელის მხრიდან განხორციელებული იერიშების საპასუხოდ.
ამ მიზნის მისაღწევად, ირანმა ბოლო წლებში შეიმუშავა მაღალი სიზუსტის მრავალფეროვანი სარაკეტო სისტემა, რომელშიც შედის ათას კილომეტრზე შორს მოქმედი რაკეტები, ტონიანი და მეტი წონის ასაფეთქებელი მასალის მქონე ქობინებით, ზოგჯერ — ზებგერითი სიჩქარის. ირანი მნიშვნელოვან რესურსს დებს სიზუსტის გაუმჯობესებაში, თუმცა სრული „წერტილოვანი დარტყმის“ შესაძლებლობას ჯერ არ ფლობს. მათ უკვე შეუძლიათ კონკრეტული ობიექტების დაზიანება, რაც თელ-ავივში და ჰაიფაში ბოლო დღეებში ნათლად ვიხილეთ. შესაბამისად, დარტყმის სიზუსტე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ირანი ამ შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ისრაელთან რაღაც დონის შეკავების მექანიზმი შექმნას, და ის მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის რაკეტების გაშვებას. ომის დაწყების მომენტისთვის ირანს 2,500-მდე ამ ტიპის რაკეტა ჰქონდა. დღესდღეობით, საერთაშორისო მონიტორინგის მიხედვით, დარჩენილი აქვს დაახლოებით 1,500 ერთეული. ისრაელმა შეძლო ნაწილი გაენადგურებინა, თუმცა რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განადგურდა მათი გაშვების პლატფორმების დაახლოებით ნახევარი. შესაბამისად, ირანს მართალია კვლავ შეუძლია გარკვეული რაოდენობის რაკეტების ერთდროული გაშვება, მაგრამ საუბარია არა ასეულებზე, არამედ ათეულებზე — მაქსიმუმ 20, 30 ან 40 რაკეტა ერთდროულად.
ამ კონტექსტში ირანი ცდილობს გამოიყენოს დარჩენილი შესაძლებლობა და ე.წ. „გამოფიტვის ომში” აიძულოს ისრაელი რომ დახარჯოს ანტისარაკეტო სისტემები – მაგალითად „ეროუს“ ტიპის ანტირაკეტები. ირანი ვარაუდობს, რომ ხანგრძლივი ომის პირობებში ისრაელი ამოწურავს ამ რესურსს და შემდგომში მისი შეტევები უფრო ეფექტიანი გახდება. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს ომი სწორედ რაკეტებისა და ანტირაკეტების ბრძოლადაც შეიძლება შეფასდეს.
ამ ეტაპზე, ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა 90%-იანი ეფექტიანობით მოქმედებს. რაც ძალიან კარგია. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე. თუ ირანს ექნება იმაზე მეტი შემტევი რაკეტა, ვიდრე თავდაცვის რაკეტები ისრაელს, ისრაელი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.
სწორედ ამიტომ, ისრაელის საჰაერო ძალები აქტიურად უტევენ რაკეტების გამშვებ სისტემებს, საცავებს, საწარმოებს — ყველაფერს, რაც ირანს საშუალებას აძლევს ახალი რაკეტები აწარმოოს ან უკვე არსებულები გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი რაკეტებისა და მათი წარმოების კუთხით ტექნოლოგიურად განვითარებულია და გარკვეული გზებით ახერხებენ ისრაელის დაცვის სისტემების მოტყუებას, თეირანი მაინც ვერ ახერხებს იმ მასშტაბის შეტევას, რაც თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისრაელის მიერ ირანის სამხედრო ლიდერების განეიტრალება — მათ შორის იმ პირების, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სარაკეტო პროგრამის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ირანს უჭირს იმ სცენარის რეალიზება, რომელიც თავდაპირველად მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი მის ობიექტებზე შეტევას მიიტანდა.
ესკალაციის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და ყველაფერი აშშ-ის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ჩაერიოს ომში და დაიწყებს შეტევებს ფორდოს ბირთვულ ობიექტზე, თუ ისრაელთან ერთად რეჟიმის დამხობაზე იმუშავებს და თუნდაც ჰამენეის ლიკვიდაციაში მიიღებს მონაწილეობას, ეს, ფაქტობრივად, აიძულებს როგორც ჩინეთს, ასევე რუსეთს, აქტიური რეაგირება მოახდინონ.
ამავდროულად, ირანის მხრიდან პასუხი უფრო გაბედული და აგრესიული იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვას — მათ შორის საუდის არაბეთის, ყატარის და ასე შემდეგ სადაც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები და პერსონალი, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე ირანის წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში ყველაფერი დამოკიდებულია ერთ საკვანძო გადაწყვეტილებაზე — ჩაერევა თუ არა აშშ კონფლიქტში. თუ ის ჩაერთვება, არსებობს დიდი რისკი, რომ საომარი მოქმედებები გადაიზრდება ფართომასშტაბიან რეგიონულ ომში. იმავდროულად ხამენეის ლიკვიდაციის ან რეჟიმის შეცვლის მცდელობა სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსეთსა და ჩინეთში გაძლიერებულ რეაქციას. შესაძლოა, ეს რეაქცია არ იყოს პირდაპირი სამხედრო ჩარევა, თუმცა პოლიტიკური და დიპლომატიური წნეხი საერთაშორისო ასპარეზზე — მათ შორის გაეროს ფარგლებში გაძლიერდება.
ამიტომ დღევანდელი ვითარება გარდამტეხ ეტაპზეა. თუ აშშ ჩაერევა, ესკალაციის ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აშშ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ არ ჩაერთოს და ზეწოლას მოახდენს ისრაელზე, რომ შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტოს ომი ირანთან, მაშინ შესაძლებელია დაძაბულობის დარეგულირება.
აუცილებელია ხაზი გავუსვათ: ირანს არ სურს აშშ-ის ჩართვა ომში. მათი სტრატეგიაა, რომ კონფლიქტი დარჩეს ორმხრივი — ირანსა და ისრაელს შორის. მათ სურთ ისრაელი იძულებული გახადონ, შეაჩეროს ომი გამოფიტვის გზით, და ამის შემდეგ ირანი შეეცდება აღადგინოს თავისი ბირთვული პოტენციალი და მიაღწიოს შეთანხმებას აშშ-სთან.
ამ ფონზე, აშშ-ის გადაწყვეტილება ჩარევასთან დაკავშირებით იქნება გადამწყვეტი ფაქტორი — ის განსაზღვრავს, გადადის თუ არა კონფლიქტი ფართომასშტაბიან ესკალაციაში.“ – ამბობს, ირანისა და შიიტური მიმართულების პროგრამის უფროსი მკვლევარი, დენი ციტრინოვიჩი.