კატეგორიები

შვეიცარია შეშფოთებულია ე.წ. „ქართული FARA-ს” ამოქმედებით

შვეიცარია შეშფოთებულია ე.წ. „ქართული FARA-ს” ამოქმედებით

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ამოქმედებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.

უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის ზღუდავს გამოხატვის, ასოციაციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას.

„საქართველოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გამოხატვის, ასოციაციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის მხრივ შეშფოთებას იწვევს. შვეიცარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ადამინის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგული“, – წერს შვეიცარიის საგარეო უწყების დეპარტამენტი პლატფორმა X-ზე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოს ე.წ „ქართულ FARA-სთან” დაკავშირებით „ცრუ ნარატივის“ გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება“.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.

ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ, თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც პარტია ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს უწოდებს, 31 მაისიდან აამოქმედა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები