შსს-ის ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.
ევრონიუს ჯორჯია ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას”, – განაცხადა დარახველიძემ.
